პარლამენტში დავით უსუფაშვილსა და ალექსანდრე ბარამიძეს შორის შეკამათება მოხდა

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვისას, პარლამენტის თავმჯდომარე იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ბარამიძის შეკითხვამ გააღიზიანა. მათი შეკამათება პროექტის იმ ნაწილს მოჰყვა, რომელიც საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, აუცილებლობის შემთხვევაში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, პოლიციელთა ყოფნას ითვალისწინებს.
დავით უსუფაშვილმა იუსტიციის მინისტრის მოადგილეს მიმართა, რომ პარლამენტში კითხვებს დეპუტატები სვამენ და არა – პირიქით.
„ძალიან გთხოვთ, პარლამენტის ტრიბუნიდან კორექტულობა დაიცვათ, – მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილეს“.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის თქმით, საკომიტეტო განხილვისას გამოითქვა შენიშვნა, პროექტს დაემატოს პუნქტი იმის თაობაზე, რომ როცა წესრიგის დარღვევის საფრთხე აღმოიფხვრება, პოლიციამ კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორია დატოვოს. ვახტანგ ხმალაძის პასუხად ალექსანდრე ბარამიძემ აღნიშნა, რომ ეს პროექტში ლოგიკურად ისედაც იგულისხმება.
დისკუსიაში დავით უსუფაშვილიც ჩაერთო, რომელიც დაინტერესდა, რას გააფუჭებდა პროექტისათვის აღნიშნული პუნქტის დამატება.
”ამის დაზუსტება რას გააფუჭებს, თუკი ასეთია თქვენი პოზიციაც? აქ ჩვენს პოზიციაზე არ არის საუბარი. იქ სხვების და პოლიციელების პოზიციები უნდა იყოს ნათელი. განსხვავებული რომ იყოს, არ სჯობს, კანონით იყოს დაზუსტებული?” – მიმართა უსუფაშვილმა ალექსანდრე ბარამიძეს.
”გაფუჭებით ალბათ, არ გააფუჭებს, მე ასე ვფიქრობ, მაგრამ ამ წინადადების დაუმატებლობა რას აფუჭებს, ესეც მაინტერესებს”, – უპასუხა ალექსანდრე ბარამიძემ დავით უსუფაშვილს.
”ძალიან მარტივია, რაც გაინტერესებთ – თუკი ხმალაძემ ჩათვალა საჭიროდ კითხვის დასმა, ასობით და ათასობით პოლიციელში იგივე კითხვა შეიძლება 15-ს გაუჩნდეს და არ დატოვოს ადგილი. ეს ელემენტარული ამბავია. თუ არ აფუჭებს, რატომ არ ვუმატებთ? თუ აფუჭებს, კი ბატონო, არ დავუმატოთ”, – მიმართა ბარამიძეს უსუფაშვილმა.
ამის შემდეგ ალექსანდრე ბარამიძე დაინტერესდა, პროექტისთვის აღნიშნული პუნქტის დაუმატებლობის შემთხვევაში, ”რესპუბლიკელების” ფრაქცია დაუჭერდა თუ არა მხარს კანონპროექტს. ალექსანდრე ბარამიძის ამ კითხვამ დავით უსუფაშვილი გააღიზიანა.
”თქვენ აქ იმიტომ ბრძანდებით, რომ პასუხები გასცეთ და არა სანაცვლო კითხვები დასვათ, ფრაქცია თუ პარლამენტის წევრები, ვინ როდის მისცემს ხმას. ძალიან გთხოვთ, კორექტულობა დაიცვათ მაგ ტრიბუნიდან. აქ, ოთხი წლის განმავლობაში, მომხსენებლებიდან არავის არცერთი პარლამენტის წევრისთვის ასეთი კითხვა არ დაუსვამს”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები