„ოქროს ტალღა 2015“-ის დაჯილდოება გაიმართა
„ოქროს ტალღა 2015“-ის გამარჯვებული სიმღერა „ნამის ველს“ გახდა – ნიაზ დიასამიძის და „33 ა“-ს შესრულებით (კომპოზიტორი და ტექსტის ავტორი ნიაზ დიასამიძე).
დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც კლუბ „ოტიუმში“ გაიმართა, გამარჯვებულები კიდევ 16 ნომინაციაში გამოვლინდნენ.
წლის მომღერალი ქალის ტიტული ნინი ბადურაშვილმა მიიღო, სიმღერით „ელენეს“ (კომპოზიტორი: ნინი ბადურაშვილი და ეკა კახიანი, ტექსტი ირინა სანიკიძე), წლის მომღერალი მამაკაცი ოთო ნემსაძე გახდა, სიმღერით „ბულბულის სტვენა“ (კომპოზიტორი და ტექსტის ავტორი ოთარ რამიშვილი), წლის დუეტის ნომინაციაში საუკეთესოდ ანსამბლი „შვიდკაცა“ და დათო გომართელი დასახელდნენ („პოპური“, სიმღერა და ტექსტი ხალხური), წლის ჯგუფია „33 ა“ („ნამი ველს“, კომპოზიტორი და ტექსტი ნიაზ დიასამიძის), წლის ანსამბლი – „ქართული ხმების“ კვარტეტი, სიმღერით: „დავდივარ და დაგეძებ“ (კომპოზიტორი და ტექსტის ავტორი ნანა მესხი), წლის პოპსიმღერა: „ქაღალდის ნავი“, რატი დურგლიშვილის შესრულებით (კომპოზიტორი: რატი დურგლიშვილი, ტექსტი მანანა სიამაშვილი), წლის ქალაქური სიმღერა – ოთარ რამიშვილის სიმღერა „თბილისი“, გიო ხუციშვილის შესრულებით, წლის დებიუტის ნომინაციაში გაიმარჯვა ჯგუფ „სტუმრების“ მიერ შესრულებულმა სიმღერამ – „ურმული“ (კომპოზიტორი არჩილ კერესელიძე).
რაც შეეხება რადიოსადგურების რჩეულებს, რადიო „ფორტუნას“ რჩეული გახდა ლელა წურწუმია სიმღერით: „თურმე სიყვარულს არ აქვს დრო“ (კომპოზიტორი დათო არჩვაძე, ტექსტი ირინა სანიკიძის), რადიო „ფორტუნა პლუსის“ – „მასტერი“, სიმღერით „პრეზიდენტი – მასტერი და აბი“ (კომპოზიტორი და ტექსტი მასტერის), „ავტორადიოს“ რჩეულია დათო ხუჯაძე & Goofy Land – „ჩემო გოგო“ (სიმღერა და ტექსტი: ხალხური / ინტერპრეტაცია: დათო ხუჯაძე), რადიო „არ დაიდარდოს“ რჩეული კი – „შვიდკაცა“ სიმღერით: „მხოლოდ ერთხელ“ (კომპოზიტორი რუსუდან სებისკვერაძე, ტექსტი არჩილ სულაკაურის).
საკუთარი რჩეული გამოავლინა ტელეკომპანია „მიუზიკბოქსმა“, რომელმაც ეს ჯილდო გადასცა სიმღერას „ქაღალდის ნავი“ რატი დურგლიშვილის შესრულებით.
ინტერნეტგამოკითხვით გამოვლინდა ხალხის რჩეული, რომელიც სოსო მიქელაძეს გადაეცა სიმღერისთვის: „მე და შენ“ (კომპოზიტორი და ტექსტის ავტორი სოსო მიქელაძე).
რადიოჰოლდინგმა „ფორტუნამ“ მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა მერაბ სეფაშვილი, ჯილდო ქართული სიმღერის პოპულარიზაციისთვის ქვეყნის გარეთ გადაეცათ თამარ გვერდწითელსა და ბუბა კიკაბიძეს.
ყველა ნომინაციაში გამარჯვებულებს გადაეცათ მოქანდაკე ირაკლი წულაძის მიერ დამზადებული „ოქროს ტალღის“ ქანდაკება, წლის სიმღერის ნომინაციაში გამარჯვებულს კი რადიოჰოლდინგმა, პრიზთან ერთად, ფულადი ჯილდო – 5000 ლარი გადასცა.
გამარჯვებულები კომპეტენტურმა ჟიურიმ შეარჩია, რომლის შემადგენლობა მხოლოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდა ცნობილი. ესენი არიან: მერაბ სეფაშვილი, ნიკოლოზ რაჭველი, ვაჟა აზარაშვილი, ზაზა შენგელია, დავით იმედაშვილი, ლანა ქუთათელაძე, დუტა სხირტლაძე, გვანცა კილასონია, ზურა გაჩეჩილაძე (შონზო), ანრი ჯოხაძე.
ხალხის რჩეული ინტერნეტგამოკითხვით დასახელდა, რადიოსადგურებმა კი საკუთარი რჩეულები დაასახელეს. მუსიკალური კონკურსი, რომელიც რადიოჰოლდინგმა „ფორტუნა“დააფუძნა, უკვე მესამედ ჩატარდა. 2014 წელს გამარჯვებული გახდა სიმღერა „Waterfall“, ნოდიკო ტატიშვილისა და სოფო გელოვანის შესრულებით, 2015 წელს კი ანრი ჯოხაძე სიმღერით – „განა, ყველა ქალი ქალია“.
წლის სიმღერის კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული სიმღერის პოპულარიზაციას, დააფასოს მუსიკალურ სფეროში მოღვაწე ადამიანების შრომა და წარმოაჩინოს ახალგაზრდა მუსიკოსები.