დღეს სტუდენტური ნაშრომების ეროვნული კონკურსის -„ჩემი რუსთაველი“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართება

რუსთაველის თეატრში, 24 ივნისს, სტუდენტური ნაშრომების ეროვნული კონკურსის – „ჩემი რუსთაველი“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს პრიზებს გადასცემენ: გაეროს ხელმძღვანელი საქართველოში, ნილს სკოტი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური და საქართველოში შვედეთის საელჩოს წარმომადგენელი, ჰელენა სანჩო.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსში გამარჯვებული 4 სტუდენტი დაჯილდოვდება პრიზებით და შესაძლებლობა ექნებათ, მოკლევადიანი სამუშაო პრაქტიკა გაიარონ საჯარო უწყებებსა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) გენდერული თანასწორობის პროექტში.
პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. 2016 წელს საქართველო შოთა რუსთაველის 850-ე წლისთავს აღნიშნავს. სტუნდენტური ნაშრომების კონკურსის მიზანია, კიდევ ერთხელ გააცოცხლოს რუსთაველის ჰუმანური, პროგრესული და თანამედროვე იდეები.
კონკურსის მონაწილეებმა ახლებურად გაიაზრეს ერთიანობისა და თანასწორობის, მათ შორის გენდერული თანასწორობის იდეა, რომელიც ჯერ კიდევ რუსთაველის დროს განაპირობებდა საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სიძლიერეს და სახელმწიფოს ეფექტიან მმართველობას.
„საკონკურსო თემებზე – „ორი სამეფო ოჯახი, ორი ისტორია – თანასწორობის იდეა ინდოეთსა და არაბეთში“, „პიროვნება, როგორც მთავარი ღირებულება „ვეფხისტყაოსანში“, „ავთანდილი და ფატმანი – გზა უარყოფიდან პატივისცემამდე“ და “ქალისა და კაცის მეგობრობა „ვეფხისტყაოსანში“ – 34 ნამუშევარი შეიქმნა, რომელიც ორი სამინისტროს, გაეროს განვითარების პროგრამის და რუსთველოლოგთა საზოგადოების ერთობლივმა ჟიურიმ შეაფასა.
შეფასებისას გათვალისწინებული იყო ისეთი კრიტერიუმები, როგორიცაა: საკითხის ორიგინალური გააზრება, პრობლემის ხედვა კონტექსტში, ანალიზი და არგუმენტირება და წერის კულტურა“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები