“ნებისმიერ სიტუაციაში, როდესაც დაძაბულობაა, პოლიციელს არ სჭირდება უფლება, წესრიგი დაამყაროს”

„დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე იმ კანონპროექტს ეხმაურება, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, პოლიციელს უფლებას აძლევს, იმყოფებოდეს საარჩევნო უბანზე და წესრიგი დაამყაროს. ბარამიძე მიიჩნევს, რომ ეს თავისთავად პოლიციელის უფლებაა და კანონის გამკაცრება ამისთვის საჭირო არ იყო.
„ნებისმიერ სიტუაციაში, როდესაც არის დაძაბულობა, მუშტი-კრივი და “ბეისბოლის ბიტებით” სირბილი, პოლიციელს არანაირი უფლება არ სჭირდება იმისთვის, რომ მივიდეს და დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი.
დამნაშავე მან უნდა დააკავოს და შემდეგ ამ პროცესს კვალიფიცირება უნდა მისცეს სასამართლომ. არ იყო განსაკუთრებული აუცილებლობა იმისა, რომ მომხდარიყო კანონის გამყარება და დამძიმება. მეორეც, ამ კანონით შეიძლება რომ სულ იყოს იქ პოლიციელი. ირიბად თუ პირდაპირ, ეს შეიძლება იყოს ამომრჩეველზე ზემოქმედების, ან ზეწოლის ფორმაც.
მით უმეტეს, რომ პრემიერ – მინისტრი არჩევნებში მონაწილეობს, ნებისმიერ მინისტრს აქვს უფლება – შვებულებაში გავედიო, – თქვას და მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში. ეს ზემოქმედებას მაინც ახდენს.
ჩვენ ვამბობდით, რომ ის კანონი უნდა ამოქმედებულიყო, რომელიც არსებობს და ასე უნდა ემოქმედა პოლიციას. არ იყო საჭირო სისხლის სამართლის კოდექსის დამძიმება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს. ამბობენ ერთს, აკეთებენ მეორეს. წინა ხელისუფლება – სააკაშვილი ძალისმიერ მეთოდებს იყენებდა, არავის განმარტებებს არ აძლევდა და დღევანდელი ხელისუფლება კი ცდილობს, რომ ფსევდოკანონებით გააკეთოს ის, რასაც წინა ხელისუფლება აკეთებდა არჩევნებში. სხვა სხვაობა აქ არ არის“,- განაცხადა ბარამიძემ.
„კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას, ბარამიძემ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებითაც გააკეთა განცხადება და განმარტა, რომ საქმეს პოლიტიკური შეფერილობა აქვს და ეს პროცესები წინასაარჩევნოდ არ უნდა მიმდინარეობდეს.
„სახელმწიფოს მხრიდან ამან პოლიტიკური ელფერის სახე მიიღო. ეს სწორად არ მიგვაჩნია. არ უნდა ყოფილიყო ასე. საინტერესო ფიგურაა ხალვაშიც, რომელსაც, როგორც კი სიტუაცია შეიცვლება და გართულდება, მაშინვე გაახსენდება ხოლმე მისი ჩადებული თუ არჩადებული თანხები აღნიშნულ ტელევიზიაში. ასე იყო რამდენიმე წლის წინ და ახლაც ასეა. არ არის ეს ის საქმე, რომელიც არჩევნებამდე უნდა ირჩეოდეს. ვშიშობ,  ალბათ, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ აღნიშნული ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაც შეიცვლება და მფლობელებიც შეიცვლებიან. ეს ალბათ ასე იქნება, მოსწონს თუ არა ვიღაცას“,- განაცხადა ბარამიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები