კლასიკური გიტარის შემსრულებელთა კონკურსი გაიმართება
კულტურის სამინისტროში დღეს, კლასიკური გიტარის შემსრულებელთა რიგით IV კონკურსთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება.
ღონისძიებას გაუძღვებიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი ხათუნა კიკვაძე, კონკურსის ხელმძღვანელი ნინო ჯანჯღავა, ჟიურის წევრები – ვაჩე ლალიაშვილი, დავით ხოსიტაშვილი, ტატო ჯინჯიხაძე, ასევე, მუსიკის სახლის წარმომადგენელი,ზაზა გაბელაია.
მათივე ინფორმაციით, კლასიკური გიტარის შემსრულებელთა IV კონკურსში მონაწილეობის მსურველებისთვის განაცხადების მიღება 23 ივნისს დაიწყება და 1-ელ ნოემბერს დასრულდება. წელს, პირველად, კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ ყველა ასაკის შემსრულებლები. მათთვის პრიზები ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით დაწესდება. ჯგუფები მას შემდეგ დაკომპლექტდება, რაც ყველა მონაწილის განცხადება მიიღება.
კონკურსი ჩატარდება 8-9 ნოემბერს ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში და თბილისის კამერული ორკესტრის სინფონიეტას საკონცერტო დარბაზში. გამარჯვებულები 11 ნოემბერს, გალაკონცერტზე გამოვლინდებიან.
საპრიზო ფონდი: I – 1000 ლარი, II – 750 ლარი, III – 500 – ლარი. კულტურის სამინისტროს ცნობით, სპეციალური პრიზი დააწესა საქართველოს კამერულმა ორკესტრმა „სინფონიეტამ“ – ფინალურ კონცერტზე შერჩეულ მუსიკოსთან ერთად, ორკესტრი მიმდინარე წლის განმავლობაში რამდენიმე კონცერტს გამართავს. კლასიკური გიტარის შემსრულებელთა კონკურსის მიზანი საქართველოში კლასიკური მუსიკისა და კლასიკური გიტარის შემსრულებელთა პოპულარიზაციაა. კონკურსის ორგანიზატორია „საავტორო სტუდია“; მხარდამჭერი – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია; პარტნიორი – მაღაზია „მუსიკის სახლი“ და საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრი „სინფონიეტა“.