ვიქტორ გაბესკირიას „ლექსების ალბომის” წარდგინება გაიმართება
27 ივნისს, 19 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში (მაჩაბლის 13) გაიმართება წარდგინება პოეტის, დრამატურგისა და ესეისტის, ვიქტორ გაბესკირიას „ლექსების ალბომისა”.
წიგნი, რომლის შემდგენელია ვიქტორ გაბესკირიას შვილი, ფილოლოგი და ინგლისური ენის სპეციალისტი ციცინო გაბესკირია, გამოსცა “ინტელექტმა”.
„სათაური „ლექსების ალბომი“ განაპირობა კრებულის ორიგინალურმა ფორმამ, ვიქტორ გაბესკირიას თითოეულ ლექსს ნახატი, ან ფოტო აქვს მისადაგებული, – განუცხადა „კვირას“ ქალბატონმა ციცინო გაბესკირიამ, – ამ წიგნს სამი ავტორი ჰყავს, ვიქტორ გაბესკირია, დიდი მხატვრები და მე, ვინც სურათები შეარჩია. ამ პატარა წიგნში მთელი მსოფლიოს მხატვრობაა წარმოდგენილი, ქართველების ჩათვლით.
ფერადია ყველა სურათი, ფოტო და ნახატი. აქ აუცილებელი იყო სწორად შერჩევა, რომ მამის ლექსს, განწყობილებას მისადაგებოდა. აი, არასრული სია: ვან-გოგი, მონე, ტერნეი, აივაზოვსკი, ლევიტანი, სეზანი, დავით კაკაბაძე, ფიროსმანი, ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი, ირაკლი ფარჯიანი, თენგიზ მირზაშვილი, რადიშ თორდია… ედმონდ კალანდაძე, გოგა ჩანადირის, დიმა სარალიძის ფოტოები“…
ქალბატონმა ციცინომ ფეისბუქით წიგნის წარდგინების შესახებ ინფორმაციაც გაავრცელა და მეგობრები, “ინტერნეტფრენდები” მიიწვია. „განსაკუთრებით მივმართავ მათ, ვინც თვალ-ყურს ადევნებდა ჩემს 3-წლიან “ოდისეას” ინტერნეტში საუკეთესო ნახატების მოსაპოვებლად. გელით ყველას“, – წერს ციცინო გაბესიკირია.
ცნობისათვის: ვიქტორ გაბესკირია სწავლობდა ფოთის გიმნაზიაში. 1927 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი. მისი პირველი ლექსები 1922 წელს გამოქვეყნდა გაზეთ “ბახტრიონში”, ლექსთა პირველი კრებული გამოიცა 1929 წელს.
1955 წელს გამოცემულ “ერთტომეულში”, ლირიკული ლექსების გარდა, შევიდა პოემები და აგეთვე ა. პუშკინის, მ. ლერმონტოვის, ნ. ნეკრასოვის, ა. მიცკევიჩის, ლესია უკრაინკას და სხვა თარგმანები.
ქართულ სცენაზე წლების განმავლობაში იდგმებოდა გაბესკირიას პიესები: “ლაქაშებს შორის” (1929) , “მათი ამბავი” (1938), “მარტოხელა”(1948-1949), “უფსკრულთან” (1953-1954), “გურიის მთები დაუთოვია” (1958), “შრიალებენ ვერხვები” (1960) და სხვა.
ვიქტორ გაბესკირია დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.