ირაკლი სესიაშვილი: დარწმუნებული ვარ, საგარეო საქმეთა მინისტრები ჩვენთვის სასიკეთო გადაწყვეტილებას მიიღებენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელ შეხვედრასთან დაკავშირებით, სადაც საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი უნდა განიხილონ, ოპტიმისტური მოლოდინი აქვს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილს.
როგორც ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, საქართველომ ყველა მასზე დაკისრებული მოვალეობა შეასრულა და, აქედან გამომდინარე, ევროკავშირს არა აქვს საქართველოსთან დაკავშირებული კითხვები.
„ჩვენ გვაქვს, რა თქმა უნდა, დადებითი მოლოდინები. ის, რომ საქართველოს მოქალაქეები მიიღებენ უვიზო მიმოსვლას ევროკავშირში, ეს თემა არ ექვემდებარება რაიმე დამატებით დისკუსიას. საუბარი არის კონკრეტულ თარიღებზე, მექანიზმებზე, რაც უკავშირდება არა პირდაპირ საქართველოს, არამედ, ზოგადად, ევროკავშირისთვის ვიზის საკითხებთან დაკავშირებით რეგულაციას მოთხოვნას.
ამიტომ ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური მოლოდინები და დარწმუნებული ვარ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები ჩვენთვის სასიკეთო გადაწყვეტილებას მიიღებენ,“ – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა უნდა იმსჯელონ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე. კონსულტაციის შემდეგ, აღნიშნულ საკითხზე ევროკავშირის საბჭომ, მოგვიანებით კი, ევროპარლამენტის შესაბამისმა კომიტეტმა უნდა იმსჯელოს. მანამდე, იუსიტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები