ჟენევაში ორჰუსის კონვენციის მხარეთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

შვეიცარიაში, ქ. ჟენევაში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილის მაია ბითაძის თავჯდომარეობით გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ორჰუსის კონვენციის მხარეთა სამუშაო ჯგუფის მე-20 შეხვედრა მიმდინარეობს.
როგორც „კვირას“გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს, აღსანიშნავია, რომ მაია ბითაძე ამავდროულად ორჰუსის კონვენციის მხარეთა შეხვედრის და კონვენციის ბიუროს თავჯდომარეა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მიმდინარეობს კონვენციის, მისი ოქმისა და გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების (გმო) შესახებ კონვენციის ცვლილების ფარგლებში მიმდინარე ქმედებების განხილვა. შეხვედრაზე დადებითად აღინიშნა, რომ საქართველომ 2015 წლის ბოლოს მოახდინა გმო-ს შესახებ ორჰუსის კონვენციის ცვლილების რატიფიცირება, ვინაიდან ამ ქმედებით ხელს უწყობს აღნიშნული ცვლილების ძალაში შესვლის დაჩქარებას. მაია ბითაძემ შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ორჰუსის კონვენციის მნიშვნელობის შესახებ, რაც ბათუმის მინისტერიალზე იქნა აღნიშნული. კერძოდ, თუ რა როლი აქვს კონვენციის პრინციპების განხორციელებას ქვეყნებში დემოკრატიის განვითარებისა და უკეთესი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისთვის. შეხვედრაზე ევროკავშირის წარმოადგენელმა მოუწოდა დელეგატებს, გაითვალისწინონ ბათუმის მინისტერიალის შედეგები, სადაც არაერთხელ აღინიშნა ორჰუსის კონვენციის მნიშვნელობა, როგორც თანამედროვე გარემოს დაცვითი მმართველობის კუთხით უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ინსტრუმენტი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევასა და მწვანე ეკონომიკის დანერგვაში. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია ბოლო ორი წლის განმავლობაში ორჰუსის კონვენციის ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ ორჰუსის კონვენციის პრინციპების სათანადოდ აღსრულება და, ამასთან, კონვენციის მხარეთა შეხვედრისა და ბიუროს თავმჯდომარეობა ხელს უწყობს საქართველოს დადებითად წარმოჩენას საერთაშორისო ასპარეზზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები