სირიაში ფრანგი სპეცრაზმელები ჩავიდნენ
საფრანგეთის სპეციალური დანიშნულების ძალები სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ მანბიჯის მახლობლად შენიშნეს. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
ფრანგი ინსტრუქტორები კონსულტაციას უწევენ სირიელ მოხალისეებს შეტევითი ოპერაციის დროს, რომელსაც ისინი ამ რაიონში აწარმოებენ.
დაახლოებით ერთი თვის წინ ცნობილი გახდა, რომ ქალაქ რაქაზე შეტევის მხარდასაჭერად სირიაში 250 ამერიკელი სპეცრაზმელი ჩავიდა. დაჯგუფებას მძიმე ტექნიკაც გააჩნია.
ქალაქი მანბიჯი რაქასა და ალეპოს შორის მდებარეობს და სტრატეგიულ მნიშვნელობას წარმოადგენს. ამ გზით „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკები“ ტყვია–წამალს და სურსათს იღებენ.