გაერო: კლიმატის ცვლილებების გამო მსოფლიოს სერიოზული საფრთხე ემუქრება
იაპონიაში პოლიტიკოსები და მეცნიერები კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით გამართულ სხდომაში მონაწილეობდნენ. სხდომას სამთავრობოთაშორისო ექსპერტების ჯგუფებიც ესწრებოდნენ. მათ განაცხადეს, რომ მოხსენებაში ასახულია უტყუარი მტკიცებულება, თუ რა შედეგები მოჰყვება კლიმატის ცვლილებას. ყველაზე მეტად ბუნების ეკოსისტემები დაზიანდება, თუმცა კლიმატის ცვლა ადამიანებზეც სერიოზულად იმოქმედებს. ტემპერატურის გაზრდა ადამიანების ჯანმრთელობას ემუქრება, ზიანს მოუტანს სოფლის მეურნეობას და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში საცხოვრებელ პირობებზეც უარყოფითად აისახება. გაეროს მოხსენების ტექსტი რამდენიმედღიანი ცხარე დებატების შემდეგ გამოქვეყნდა.
უტყუარი მტკიცებულებები
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ სამეცნიერო მტკიცებულებების რიცხვი კლიმატის ცვლილებების შედეგებთან დაკავშირებით 2007 წლის შემდეგ პრაქტიკულად გაორმაგდა. მოხსენების ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ კლიმატის ცვლილებები უკვე შეეხო ყველა კონტინენტს, ოკეანეს, ეკოსისტემას და ადამიანებს. ექსპერტების წარმომადგენლის რადჯენდრა პაჩაურის განცხადებით, ,,კლიმატის ცვლილება პლანეტის ყველა მკვიდრს შეეხება“. მოხსენების ერთ-ერთმა ავტორმა დოქტორმა სალიმულ ხაკიკმა აღნიშნა: ,,ჩვენ უწინ ვფიქრობდით, რომ ვიცოდით, რაც ხდება, მაგრამ ახლა გვაქვს უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ ეს ნამდვილად ხდება“. მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის გენერალური მდივანი მიშელ ჟარო აცხადებს: იმ დროს, როცა ადამიანებს ,,უცოდინარობის“ გამო დედამიწის კლიმატს ზიანს აყენებდნენ, ახლა ასე გაგრძელება აღარ შეიძლება“. მოხსენებაში უმოკლეს პერიოდში კლიმატის ცვლილებების სერიოზულ შედეგებზეა საუბარი. უნიკალური ეკოსისტემები, მაგალითად, ყინული არქტიკაში, ან მარჯნის რიფები თბილ წყლებში ტემპერატურის 2 გრადუსით მომატების შემთხვევაში სერიოზული საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება. გარდა ამისა, ტემპერატურის მომატება ოკეანეების ამჟავებას გამოიწვევს, რაც თევზებისთვის და მარჯნებისთვის დამღუპველი გახდება. ხმელეთზე ცხოველები და მცენარეთა საფარი ჩრდილოეთისკენ გადაინაცვლებს.
ადამიანთა ცხოვრება
კლიმატური ცვლილებები სერიოზულად აისახება ადამიანების ცხოვრების წესზეც. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა პროდუქტების დაცვა გახდება. მოსალოდნელია, რომ 2050 წლისთვის სიმინდის, ბრინჯის და ხორბლის მოსავალი 25%-ით შემცირდება. 2050 წლის შემდეგ გაცილებით ნაკლები იქნება იმ ფონზე, რომ მოსახლეობის რაოდენობა 9 მილიარდს მიაღწევს, თევზების ბევრი სახეობა მიგრაციას დაიწყებს ჩრდილოეთის წყლებში, რაც ტროპიკული ქვეყნების მაცხოვრებლებზე, რომელთა ძირითადი საკვები თევზია, მძიმედ აისახება. ტროპიკულ ქვეყნებში და ანტარქტიდაში თევზჭერა 50%-ით შემცირდება. ბევრ დასახლებულ რეგიონში გახშირდება ნიაღვრები და სიცხის გამო სიკვდილიანობა. მოხსენების ავტორები საუბრობენ იმაზეც, რომ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით შესაძლოა, წარმოიქმნას სახელმწიფოებს შორის მიგრაციასთან, ასევე წყლისა და რესურსების გადანაწილებასთან დაკავშირებული კონფლიქტები. კლიმატის ცვლილებით, ძირითადად, ღარიბი ქვეყნები იზარალებენ, თუმცა ეს ცვლილება გვალვის და ნიაღვრების გახშირების გამო მდიდარ ქვეყნებსაც შეეხებათ. აღდგენითი სამუშაოები ქვეყნებს მილიარდობით დოლარი დაუჯდებათ, ადამიანებს კი კლიმატთან ადაპტირება მოუწევთ.