ლადო ბოჟაძე – წელს სამაგალითო არჩევნები ჩატარდება
„სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის ცენტრის“ დირექტორი ლადო ბოჟაძე მიიჩნევს, რომ წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები სამაგალითო იქნება. „კვირაში” გამართულ პრესკონფერენციაზე, წინასაარჩევნო პერიოდზე საუბრისას, მან განაცხადა, რომ პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან გამოჩენილი მაღალი აქტიურობა და ახალი პარტიების ასეთი სიხშირით დარეგისტრირება, იმაზე მიუთითებს, რომ ამ კუთხით ქვეყანაში დემოკრატიული გარემოა შექმნილი და პარტიებს შესაძლებლობა აქვთ, თავისუფლად წარადგინონ როგორც საარჩევნო კამპანია, ასევე მათი კანდიდატებიც.
ბოჟაძის განცხადებით, 8 ივნისიდან პოლიტიკურ სუბიექტებს გარკვეული შეზღუდვებიც დაუწესდებათ. მაგალითისთვის, პარტიები ვალდებულები იქნებიან, რომ ყოველი სამი კვირის მანძილზე აუდიტის სამსახურს წარუდგინონ ინფორმაცია მათი ხარჯების შესახებ, ვინაიდან ყველაფერი ეს უშუალოდ იქნება დაკავშირებული მათ საარჩევნო კამპანიასთან. ამასთან, 8 ივნისიდან სამოქალაქო სექტორს შესაძლებლობა ექნება, გაიაროს რეგისტრაცია ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაში და დააკვირდეს არჩევნებს როგორც გრძელვადიანი, ასევე მოკლევადიანი დროით. რაც შეეხებათ პოლიტიკურ პარტიებს, 1 აგვისტომდე მათ შესაძლებლობა ექნებათ, რომ მიმართონ საარჩევნო ადმინისტრაციას და მათ, ვისაც არ აქვს გავლილი საარჩევნო რეგისტრაცია, შეაგროვონ ხელმოწერები და დარეგისტრირდნენ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში.