ბიძინა ივანიშვილი: ყოველთვის თანხვედრაში ვიყავი იან კელის პოზიციებთან და ახლაც თანხვედრაში ვარ

საქართველოში ამერიკის ელჩის, იან კელის წერილს გამოეხმაურა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დღეს ტელემედიასთან გამართულ შეხვედრაზე და აღნიშნა, რომ იგი თავისი ანალიზით, იან კელისთან ყოველთვის თანხვედრაში იმყოფება.

„ყოველთვის თანხვედრაში ვიყავი იან კელის პოზიციებთან და ახლაც თანხვედრაში ვარ“, -აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

ელჩის წერილზე რეაქცია ბიძინა ივანიშვილმა საჭიროდ იმიტომ ჩათვალა, რომ, მისივე თქმით, რადგან ამ წერილთან მიმართებაში ბევრი გამონათქვამი არ მოეწონა.
„ელჩი იწყებს ნიკა გვარამიას კრიტიკით, რომ ასე არ უნდა იქცეოდეს, ამის შემდეგ იხსენებს საკუთარ ქვეყანას, რომ იქ, საარჩევნო პროცესში ასეთი რამ რომ მოხდეს, ქუჩები ხალხით გაივსება და აბსოლუტურად გულწრფელად საუბრობს.
ვპასუხობ მათ გასაგონად, ვისაც იან კელის განცხადებაზე კრიტიკული რეაქცია ჰქონდა. მე გუშინაც მქონდა საუბარი მასთან და არავითარი კითხვის ნიშნები არ არსებობს. გულწრფელად, ამერიკა არის ჩვენი ქვეყნის მეგობარი, ამერიკა არის ჩვენი სტრატგიული პარტნიორი. ეს კაცი აფასებს თავისი გადმოსახედიდან, პირველ რიგში, ანალიზისთვის საკუთარი ქვეყანა მოჰყავს. გვქონდა გარკვეული პოლემიკა და რაღაცებში არ ვეთანხმები, მაგრამ მისი პოზიცია აბსოლუტურად გასაზიარებელია, მისასალმებელიც არის და იკითხება მხოლოდ ერთი რამ, რომ მას ძალიან სურს, ჩვენი ქვეყანა სწორი მიმართულებით განვითარდეს.

ზოგადად, ამერიკას ძალიან გამოცდილი და კარგი დიპლომატები ჰყავს და ძალიან გაგვიმართლა, რომ მისი წინამორბედი ელჩიც ასეთივე იყო. ამერიკელებს უყვართ გამოცდილი ელჩები, იგი ცდილობს, ჩვენი ქვეყანა კარგი სახით წარმოდგეს ამ არჩევნებით და იან კელი, რა თქმა უნდა შფოთავს, რომ რამე ისეთი არ მოხდეს, რაც ცუდ ეფექტს მისცემს არჩვენებს, რომლისთვისაც ვემზადებით და რომლისთვისაც მაქსიმალური მხარდაჭერა გვაქვს ამერიკის მხრიდან“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და მადლობაც გადაუხადა, თუმცა დასძინა, რომ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით „ქუჩების ხალხით ავსების“ შესაძლებლობასთან დაკავშირებით, იან კელის მოსაზრებას არ ეთანხმება. „ერთი, რაშიც ვერ ვეთანხმები, ქუჩები აქ ხალხით ვერ გაივსება, იმიტომ რომ აქ სხვა რეალობაა და ამ ტელევიზიასთან სხვა დამოკიდებულება არსებობს საზოგადოების მხრიდან. ვინც გამოსულა, კიდევ გამოვა, მაგრამ გარეთ სულ სხვა შედეგს მივიღებთ“, -აღნიშნა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები