იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი სასამართლოს მიმართ გაზრდილ უკმაყოფილებას არჩევნების მოახლოებას უკავშირებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი კახა სოფრომაძე, გარკვეული ძალების მხრიდან, სასამართლოს მიმართ გაზრდილ უკმაყოფილებას, წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებს და აცხადებს, რომ „ცალ კარში“ თამაში მარტივია, რადგანაც მოსამართლეს არ აქვს საქმის გასაჯაროების და თავის მართლების შესაძლებლობა.
„დღეს ალბათ ყველაზე მარტივია, აკრიტიკო და არ გააკეთო საქმე. მერწმუნეთ, როდესაც ადვოკატი ვიყავი, უფრო კრიტიკულად ვუდგებოდი სასამართლო ხელისუფლებას და როდესაც საბჭოს წევრი გავხდი, გამოვთქვი კიდეც ჩემი პრეტენზიები, მაგრამ როდესაც კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების დრო დადგა, კრიტიკის უფლება აღარ მქონდა და უნდა მიმეღო ესა თუ ის გადაწყვეტილება მართლმსაჯულების ინტერესების სასარგებლოდ. ვფიქრობ, ის, ვინც აკრიტიკებს სასამართლოს, ვერ ვიტყვი, რომ არასწორია, რადგან გარკვეულწილად სასამართლო იმსახურებს კრიტიკას, იმიტომ რომ ეს არ არის სრულყოფილი სისტემა, მაგრამ ზღვარს გადასული ლანძღვა და შეურაცხყოფის მიყენება მოსამართლისა თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიმართ, სასამართლოს განვითარებას ხელს არ შეუწყობს. დღეს სასამართლოს კრიტიკა პოპულარულია იმიტომ, რომ სასამართლო სისტემას არ შეუძლია ადეკვატური პასუხის გაცემა, მისი მდგომარეობიდან გამომდინარე. მოსამართლე ვერ გამოვა, ვერ ჩაატარებს პრესკონფერენციას და ვერ იტყვის იმის საწინააღმდეგოს, რაც მის მიმართ ითქვა, ამიტომაც ცალ კარში თამაში მარტივია“,-განაცხადა სოფრომაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები