ბიძინა ივანიშვილი: მედიას უნდა ჰქონდეს ყველაფრის უფლება, რაც არ ეწინააღმდეგება კანონს

ჟურნალისტს და მედიას უნდა ჰქონდეთ ყველაფრის უფლება, რაც არ ეწინააღმდეგება კანონს, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „ტექნოპარკში“, ტელევიზიის ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ზოგიერთი ტელევიზია ხელისუფლების კრიტიკას აჭარბებს, თუმცა, მისივე თქმით, ეს ნორმალურია.
„GDS-ზე გეტყვით ორ სიტყვას, ყველაზე ზომიერი ტელევიზიაა. აქვე ხართ ჟურნალისტები და არ გინდათ ზედმეტი კოლეგიალობა, შეგიძლიათ თამამად ისაუბროთ. ვერავინ ვერ დააბრალებს GDS-ს, რომ ჩემს აგიტაციას, ან ხელისუფლების აგიტაციას ეწევა.
აბსოლუტურად დაბალანსებულია. ჩემი აზრით, უფრო გადაჭარბებულები არიან სხვა ტელევიზიები ხელისუფლების კრიტიკით, თუმცა ასე ჯობია. ღმერთმა ნუ ქნას, რომ პირიქით იყოს. ჯობია, გადაჭარბებული კრიტიკა იყოს ხელისუფლების, ვიდრე არ იყოს საკმარისი. ზოგიერთი ტელევიზია ძალიან აჭარბებს, მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ ეს ნორმალურია. საზოგადოებამ უნდა მოახერხოს და ამას უნდა უპასუხოს სწორი ანალიზით, სწორი აქცენტებით და სწორი ქმედებით. როგორც კი დაიწყება იმაზე ნადირობა, რომ კრიტიკა ცოტა შევამციროთ და ცოტა ავკრძალოთ, ეს სად მიდის, კარგად მოგეხსენებათ. ჟურნალისტს და მედიას უნდა ჰქონდეს ყველაფრის უფლება, რაც არ ეწინააღმდეგება კანონს“, – განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები