იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი – ვადასტურებ, რომ მოსამართლე ნათია გუჯაბიძესთან დაკავშირებით არანაირ გადაცდომას არ ჰქონდა ადგილი
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი კახა სოფრომაძე მოსამართლე ნათია გუჯაბიძესთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მასთან მიმართებაში დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა.
„არ შეიძლება, რომ პირადული თემა სასამართლოზე ზეწოლის ბერკეტი გახდეს. გულზე ხელი დაიდეთ – თუ ვინმემ იცოდა ეს ფაქტი, მაშინ დაახლოებით 2-3 წლის წინ იყო გაცხადბეულიყო ეს საკითხი და დღეს, როდესაც „რუსთავი 2“-ის პროცესი გადამწყვეტ ფაზაში შედის და როდესაც ისე, როგორც არასდროს, საჭიროა მოსამართლის როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი დამოკიდებულება, ამის თქმის დრო არ იყო.
მე იმაზე მეტს ვერ ვიტყვი, რაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში გააკეთა, მაგრამ, მერწმუნეთ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს რომ ჰქონოდა რაიმე დანაშაულის პოვნის შესაძლებლობა, რომელიმე მოსამართლის ქმედებაში, არაა საუბარი მხოლოდ გუჯაბიძეზე – არავინ არავის ხელს არ დააფარებდა. მოხდა ის, რომ ამ მოსამართლის ქმედებაში არ იყო დანაშაულის ნიშნები. ამ ქალბატონის მიმართ გადაცდომა არ ყოფილა და არც რაიმე სარეკომენდაციო ხასიათის წერილი დაწერილა, მით უმეტეს, რომ არანაირი სისხლის სამართლის მასალები პროკურატურაში არ გაგზავნილა“,- განაცხადა სოფრომაძემ.