ყაზახეთის ქალაქ აქტობეში, საერთო ჯამში, 13 „ბოევიკი“ მოკლეს
ყაზახეთის ქალაქ აქტობეში სპეცოპერაციის შედეგად, საერთო ჯამში, 13 „ბოევიკი“ მოკლეს. ამის შესახებ ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალმას სადუბაევმა განაცხადა. მან ასევე დაამატა, რომ ოთხი თავდამსხმელი დაიჭრა, შვიდზე კი ძებნაა გამოცხადებული. კიდევ რვა პირი დაკავებულია.
„აქტობეში და მთლიანად რესპუბლიკაში სიტუაცია სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება“, – განაცხადა სადუბაევმა.
შეგახსენებთ, რომ კვირას ბოროტმოქმედთა ჯგუფი, რომლებსაც ხელისუფლება რელიგიურ რადიკალებს უწოდებს, აქტობეში იარაღის მაღაზიებს და სამხედრო ნაწილს თავს დაესხა. ბოლო მონაცემებით, თავდამსხმელებმა ექვსი ადამიანი მოკლეს და 38 დაჭრეს. მათი უმეტესობა სამხედროა. ხელისუფლებამ თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა.
ყაზახეთის სპეცსამსახურების ცნობით, ეს ჯგუფი ცნობილ ბიზნესმენთან, ლუდის ქარხნის დირექტორთან, ტოხტარ ტულეშოვთან არის დაკავშირებული, რომელიც სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებდა. ყაზახეთის უშიშროების სამსახურის ოფიციალური წარმომადგენლის, რუსლან კარასევის ინფორმაციით, ტულეშოვი ქვეყანაში დაძაბულობის კერების შექმნის გზით მდგომარეობის დესტაბილიზაციას და საპროტექტო აქციებისა და არეულობის მოწყობას ცდილობდა, ამის ფონზე კი – ალტერნატიული მთავრობის შექმნას. ტულეშოვის რამდენიმე თანამზრახველი დაკავებულია, მათ შორის არიან: იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი ილიას ბახტიბაევი და სამხრეთ ყაზახეთის ოლქის შინაგან საქმეთა დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ჰიბრატულა დოსკალიევი. თავად ტოხტარ ტულეშოვი მიმდინარე წლის თებერვალში დააკავეს. მას ნარკოტიკების შენახვაში და დანაშაულებრივი დაჯგუფების დაფინანსებაში ადანაშაულებენ.