საგარეო უწყება არ ადასტურებს ინფორმაციას საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის გადადების თაობაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას ევროპარლამენტში საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის ოქტომბრამდე გადადების თაობაზე.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძის განცხადებით, ქართულ მხარეს არ გააჩნია ინფორმაცია საკითხის გადადების თაობაზე და იმედოვნებს, რომ პროცესი რაც შეიძლება მალე, კერძოდ, ზაფხულში დასრულდება.
„ასეთი ინფორმაცია ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს. ძალიან ბევრი განცხადება კეთდება ევროპარლამენტში სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლების მხრიდან. ჩვენ ველოდებით პროცესის რაც შეიძლება დაჩქარებას და სწრაფად გადაჭრას“, – განაცხადა გიგიაძემ.
მისივე აზრით, უფრო ნათელი სურათი შეიქმნება 10 ივნისის შემდეგ, როდესაც აღნიშნულ საკითხს ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების საბჭო განიხილავს.

„პროცესი ჯერ მალევე უნდა დასრულდეს ევროკავშირის საბჭოს ფარგლებში. ივლისის დასაწყისამდე ჩანიშნულია საპარლამენტო განხილვები. ჯერ უნდა მოხდეს საკითხის გატანა სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტში (LIBE), რაც, ჩვენი აზრით, შეიძლება გაკეთდეს ივნისში, ვინაიდან 13 ივნისიდან არის ჩანიშნული LIBE-ს სხდომები. თუ LIBE-ში მოხერხდება აზრის ჩამოყალიბება, ამის შემდეგ შეიძლება საკითხის პლენარულ სესიაზე გატანა და ამ საკითხის გადაწყვეტა. ჯერ 10 ივნისს უნდა დაველოდოთ“, – განაცხადა გიგიაძემ.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა მინისტრები საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე 10 ივნისს იმსჯელებენ. ევროკავშირის საბჭოს გარდა, აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად საჭიროა ევროპარლამენტის მხარდაჭერაც, თუმცა ევროპარლამენტის წევრმა იაცერ სარიუშ ვოლსკიმ გუშინ განაცხადა, რომ მიმდინარე წლის ოქტომბრამდე ევროპარლამენტში საქართველოსთვის ვიზალიბერიზაციის დაწესების საკითხის განხილვა მოსალოდნელი არ არის. როგორც მან განმარტა, ევროპარლამენტში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე განხილვის გადადება გამოწვეულია ევროკავშირის წევრ ქვეყნების შორის არსებული უთანხმოებით ე.წ. შეჩერების მექანიზმის დაწესების საკითხზე.

“ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს მოთხოვნით, სანამ რომელიმე ქვეყნისთვის ვიზალიბერალიზაცია დაწესდება, იქამდე უნდა დაწესდეს სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი”, – განმარტა ევროპარლამენტის წევრმა.

სარიუშ ვოლსკის იმედი აქვს, რომ ზაფხულის პერიოდში ევროკავშირის წევრი ქვეყნები ერთიან პოზიციაზე შეჯერდებიან და უკვე საშემოდგომო სესიაზე ევროპარლამენტში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე განხილვა გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები