ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის საორიენტაციო კურსი გაიხსნა
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს კოორდინაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების მხარდაჭერით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის საორიენტაციო კურსი გაიხსნა.
ღონისძიებაში, რომელიც 6 და 7 ივნისს კონფერენციის ფორმატში ჩატარდება და 10 ივნისს დასრულდება, ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ინფორმაციით, კონფერენციისა და სასწავლო კურსის თემატიკა შეეხება ევროკავშირის უსაფრთხოების პოლიტიკას, რომელიც მოიცავს კიბერუსაფრთხოების, არალეგალური მიგრაციის, ტერორიზმისა და ჰიბრიდული საფრთხეების თემებს.
კონფერენცია სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა, მინდია ჯანელიძემ გახსნა. სიტყვით გამოვიდნენ: ვროკავშირის კრიზისების მართვისა და დაგეგმარების დირექტორატის თავმჯდომარე გაბორ იკლოდი, კიასტუტის იანკაუსკა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, კურსების ხელმძღვანელი იოჰენ რელი, საქართველოს სხვადასხვა უწყების მაღალი თანამდებობის პირები. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის თემაზე პირველი მაღალი დონის კონფერენცია სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ორგანიზებით 2015 წლის დეკემბერში ჩატარდა.
აღნიშნული კურსი ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკაში ჩვენი ქვეყნის ჩართულობის კიდევ უფრო გაღრმავებას უწყობს ხელს.