კორცხელში მონაწილე სპორტსმენების ადვოკატი სკანდალურ ვიდეოს ასაჯაროებს (ვიდეო)

კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენების ადვოკატი ზურაბ ბელთაძე კორცხელში გადაღებულ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს, სადაც ჩანს, უცნობი პირები თუ როგორ სცემენ ხელკეტებით სპორტსმენებს.
“პირველ პრესკლუბში” გამართულ პრესკონფერენციაზე ზურაბ ბელთაძემ განაცხადა, რომ ამ ვიდეოში სულ სხვა რაკურსით არის დაფიქსირებული მოვლენები როგორც დაცვის მხარისთვის, ასევე საზოგადოებისათვის.
“ამ ჩანაწერს ჩვენ წარვადგენთ როგორც მტკიცებულებას, ასევე გავაცნობთ ბრალდების მხარეს და საზოგადოებას. ამ ჩანაწერში ნათლად ჩანს, თუ როგორ სცემენ ხელკეტების გამოყენებით „ქართული ოცნების“ აქტივისტებს, კერძოდ, სპორტსმენებს, რომლებიც ბრალდებულები არიან სისხლის სამართლის საქმეზე ხულიგნობის ბრალდებით”, – განაცხადა ადვოკატმა.
ზურაბ ბელთაძე მიმართავს გამოძებას, რომ ვიდეოს მტკიცებულების სახით წარდგენის შემდეგ მოხდეს მასზე ასახულ პირთა იდენტიფიცირება და მათ მიერ განხორციელებულ მოქმედებებს მიეცეთ სამართლებრივი შეფასება.
“გამოძიების დაწყების დღიდან, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ადამიანები აცხადებდნენ, რომ ადგილი ჰქონდა პროვოკაციას, მათ მიმართ ხელკეტებით ცემას და წინააღმდეგობის გაწევას. ჩანაწერიდან ჩანს, რომ სპორტსმენების წინააღმდეგ არაერთი პირი მოქმედებს”,-აღნიშნა ადვოკატმა.
ზურაბ ბელთაძე მომხდარს პროვოკაციად აფასებს და აცხადებს, რომ ინციდენტში სპორტსმენების წინააღმდეგ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები მოქმედებდნენ.
ზურაბ ბელთაძე კორცხელში მომხდარ ინციდენტში მონაწილე 6 სპორტსმენიდან ორის – გეგეშიძის და ტყეშელაშვილის ადვოკატია.
კორცხელში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულ სპორტსმენებს გირაოს სახით 7 და 10 ათასი ლარი აქვთ შეფარდებული. საქმეზე წინასასამართლო სხდომა კი 28 ივლისს ზუგდიდის საქალაქო სასამართლოშია ჩანიშნული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები