დიმიტრი ლორთქიფანიძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს – „მივმართავ ქვეყნის სახალხო დამცველად წოდებულ პიროვნებას“

„დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ სახალხო დამცველს – უჩა ნანუაშვილს მიმართა და მარნეულის რაიონში ჯანდაცვის კუთხით არსებულ ვითარებაზე დაუყოვნებლივ რეაგირება მოსთხოვა. „კვირას“ პრესკლუბში გაკეთებულ საგანგებო განცხადებაში მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქმე იმ ჯანდაცვის ცენტრს ეხება, სადაც თირკმელებით დაავადებული უმძიმესი პაციენტები იმყოფებიან.
„ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ 2012 წლის 3 მაისს განხორციელებული პრივატიზაციის ხელშეკრულება, რომელიც მუნიციპალიტეტსა და კონკრეტულ ინვესტორებს შორის დაიდო, იმ სერიის გაგრძელებაა, რასაც მინისტრი ურუშაძე ჯანდაცვის ობიექტებთან მიმართებაში ჯერ კიდევ თბილისში ახორციელებდა. უკანონო პრივატიზაციის აქტი ცხადად მიუთითებს, რომ 2012 წლის მაისში ქვეყანაში მოქმედებდა სერიოზული მაფია, რომელიც დაკავშირებული იყო ჯანდაცვის ობიექტების უკანონოდ მოპოვებასთან. ინვესტორმა შეიძინა ეს საავადმყოფო, რომელიც რაიონული მნიშვნელობისაა და არ განახორციელა პრივატიზაციით გათვალისწინებული ვალდებულებები. პირველი ჯგუფის ინვალიდები იქ განსაკუთრებით მძიმე პირობებში არიან“,- განაცხადა ლორთქიფანიძემ.
„კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ლორთქიფანიძემ ნეგატიურად შეაფასა სახალხო დამცველის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები და აღნიშნა, რომ ნანუაშვილი ბოლო დროის მანძილზე, მხოლოდ ლგბტ პირების უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული. ეროვნულ უმცირესობებსა და შეზღუდული შესაძლებლობების პირებს კი ნაკლებ ყურადღებას აქცევს.
„მინდა მივმართო ქვეყნის სახალხო დამცველად წოდებულ პიროვნებას, რომელმაც ამ ბოლო დროს მხოლოდ უმცირესობების დაცვის ვალდებულება შეითავსა და ისიც, მხოლოდ ლგბტ უფლებებისა. თქვენ იცით, რომ გუშინ მან ახალი განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ პენიტენციალურ სისტემაში თურმე ლგბტ უფლებები ირღვევა და ისინი დისკრიმინირებულ მდგომარეობაში იმყოფებიან, სხვათა შორის, იმ სისტემაზე გააკეთა აქცენტი, რომელიც, ჩემი აზრით, დღეს ყველაზე უფრო გამართულად მუშაობს სამთავრობო რგოლში.
ცოტა ხნის წინ მან ასევე გააკეთა განცხადება, რომ თურმე, ტრანსგენდერთათვის სქესის გამოცვლის საკანონმდებლო რეგულაციები ყოფილა ხელსიუფლების უმთავრესი ვალდებულბა და აღარაფერს გეუბნებით იმ განცხადებაზე, რომელიც თავისი უტიფრობით სცდება ყოველგვარ წარმოდგენას სამართლიანობაზე – მან ჩვენი ქვეყნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს მოუწოდა, არ წაიყვანონ ბავშვები სასკოლო პროგრამით გათვალისწინებულ საკულტო ნაგებობებში, სადაც მათ შეეძლებათ, რომ ეკლესიაში სანთელი დაანთონ. როდესაც სახალხო დამცველი ამ საკითხებზეა კონცენტრირებული, მაშინ მივცეთ შესაძლებლობა, რომ ორგანულ კანონში შევიდეს ცვლილება და პარლამენტმა კენჭი უყაროს იმგვარ რეზოლუციას, რომ მოხდეს დიფერენცირება, ეს ადამიანი აღარ იქნება სახალხო დამცველი და იქნება ლგბტ უფლებების დამცველი. დანარჩენი – ხალხის ინტერესების დაცვის საკითხი კი ვანდოთ იმ პირებს, ვის მიმართაც საზოგადოებას ნდობა გააჩნია“,- განაცხადა ლორთქიფანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები