“გულწრფელად მჯერა, რომ დოკუმენტის წაკითხვის შემდეგ ჟურნალისტს უხერხული შეკითხვები აღარ გაუჩნდება”

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე ბიძინა ივანიშვილთან სატელევიზიო ინტერვიუს საკუთარ შეფასებებს ფეისბუქის გვერდზე აქვეყნებს:
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლის ვარაუდით, ჟურნალისტმა არაფერი იცოდა, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სამუშაო ჯგუფმა მოამზადა ანგარიში, რომლითაც მოხდა 2004-12 წლებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის და სისტემური დანაშაულის სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება.
„დასკვნის მომზადებაში ჩართულნი იყვნენ გაეროს უმაღლესი კომისარიატის თბილისის ოფისი, სახალხო დამცველის ოფისი, პროკურატურა, შსს, სასჯელაღსრულების დაწესებულება და მოწვეული ექსპერტები. დასკვნა მზადდებოდა 2 წლის განმავლობაში. დადგინდა, რომ 2004-12 წლებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამოყენება ატარებდა საყოველთაო, სისტემურ ხასიათს, ეს დანაშაულებრივი ქმედებები სანქცირებული იყო მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ და ემსახურებოდა ტოტალური შიშის, დაუცველობის განცდის გაჩენას საზოგადოებაში; წამება და არაადამიანური მოპყრობა იყო პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი; წამება იყო სასურველი ჩვენების მიღების საშუალება, ქონებისა თუ წილების დათმობის მარტივი გზა და საპროცესო შეთანხმების დადების იძულების ეფექტური მექანიზმი.
სასამართლო ხელისუფლება და სამართალდამცავი სისტემა არ რეაგირებდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე; საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი არ იყო ეფექტური წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოვლენისა და მათზე სათანადო რეაგირების კუთხით; ადვოკატები, ხშირ შემთხვევებში, არ ასაჩივრებდნენ მათი დაცვის ქვეშ მყოფთა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამოყენების ფაქტებს; ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მასობრივი საინფორმაციო საშუალებები უარს ამბობდნენ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გაშუქებაზე“, – წერს ზვიად კვაჭანტირაძე.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მოითხოვს, ჟურნალისტ სალომე ასათიანს სასწრაფოდ გაეგზავნოს აღნიშნული დასკვნა, რომლის პრეზენტაცია სასტუმრო ჰუალინგში გაიმართა. „გულწრფელად მჯერა, რომ ამ დოკუმენტის ყურადღებით წაკითხვის შემდეგ მას ასეთი უხერხული შეკითხვები აღარ გაუჩნდება“, – აღნიშნავს ზვიად კვაჭანტირაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები