თავდაცვის სამინისტრომ კორცხელის ინციდენტში მონაწილე ჯარისკაცი შეიარაღებული ძალებიდან დაითხოვა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითი ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ლაშა დვალიშვილი შეიარაღებული ძალებიდან დაითხოვა – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის, თინათინ ხიდაშელის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ძალადობა და სხვისი ღირსების ხელყოფა შეიარაღებულ ძალებთან სრულიად შეუთავსებელია და ნებისმიერი პირი, როგორი დამსახურებულიც უნდა იყოს ის, შეიარაღებულ ძალებს მიღმა აღმოჩნდება უღირსი საქციელის ჩადენისთანავე.
”ორიოდე თვის წინ მისმა გამარჯვებამ და MMA წესებით ორთაბრძოლასა და გრამპლინგში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებამ ყველა აღგვაფრთოვანა. თავდაცვის სამინისტრომ წარმატებული სამხედრო მოსამსახურის საზოგადოებისთვის უკეთ გასაცნობად სპეციალური რეპორტაჟიც კი მოამზადა. ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა ნებისმიერი ინციდენტი, ძალადობის ფაქტი, რომელიც ქვეყანაში ხდება. ორმაგად სამწუხაროა, თუკი ამ ინციდენტში სამხედრო მოსამსახურე ფიგურირებს. თავდაცვის სამინისტრო არ არის უწყება, რომელიც მსგავს შემთხვევებში პირის ბრალეულობის საკითხს დაადგენს, შესაბამისი გადაწყვეტილებები ჯერ საგამოძიებო ორგანოების, შემდეგ კი სასამართლოს კომპეტენციაა. თუმცა, შეიარაღებულ ძალებს თავისი წესები, დისციპლინა და ნორმატიული ფუნდამენტი აქვს, რომელიც, პირველ რიგში, სამხედრო სამსახურში მტკიცე დისციპლინასა და განსაკუთრებით მაღალ სტანდარტებს ეფუძნება.
ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა, სამწუხაროდ, არ გვიტოვებს შესაძლებლობას, ვივარაუდოთ, რომ სამხედრო მოსამსახურის ქცევა თავსებადი იყო ჯარისკაცის დისციპლინის და ღირსეული საქციელის შეიარაღებულ ძალებში დამკვიდრებულ წესებთან. შესაბამისად, პირველი კლასის რიგითი ლაშა დვალიშვილი გენერალური შტაბის უფროსის ბრძანებით დათხოვნილია შეიარაღებული ძალებიდან. ამასთანავე, სრული კატეგორიულობით ვაცხადებ: არ დავუშვებთ შეიარაღებული ძალებისთვის ჩრდილის მიყენებას და ღირსების შელახვას. ქართული ჯარი ქართული სახელმწიფოს ყველაზე უფრო ნათელი და საიმედო ბურჯია.
ქართულ ჯარში მსახურობენ წესიერი, სხვისი თავისუფლების პატივისმცემელი პროფესიონალები. ძალადობა და სხვისი ღირსების ხელყოფა შეიარაღებულ ძალებთან სრულიად შეუთავსებელია და ნებისმიერი პირი, როგორი დამსახურებულიც უნდა იყოს, შეიარაღებულ ძალებს მიღმა აღმოჩნდება უღირსი საქციელის ჩადენისთანავე. ყველა ჩვენგანის და ჩემი, როგორც თავდაცვის მინისტრის ვალია, უპირველეს ყოვლისა, გავუფრთხილდე შეიარაღებული ძალების სახელს და რეპუტაციას”, – ნათქვამია თავდაცვის მინისტრის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები