“იმართლოს თავი წინა რეჟიმმა, ჩვენ უნდა ვაკეთოთ ქართული საქმე”

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს ახალი წევრის, დავით კოღუაშვილის განცხადებით, ყოფილი ხელისუფლების წევრების ნიჭიერებასთან დაკავშირებით მისი ფრაზა ქებით კონტექსტში ნათქვამი არ ყოფილა.

“ახალ თაობასთან” ინტერვიუში კოღუაშვილი „ქართულ გაზეთში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუზე, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოყვა, დამატებით განმარტებებს აკეთებს და აცხადებს, რომ ყოფილ ხელისუფლების პირებზე საუბრისას, ცნობილი მწერლის, ჭაბუა ამირეჯიბის სიტყვები მოიშველია.

„უნიჭობაზე საშიში ნიჭიერებაა, თუ მაღალი ზნეობა და ღვთისმოშიშობა არ ახლავს თან…“, – ეს ჭაბუა ამირეჯიბის სიტყვებია. აი, სწორედ ეს იყო მათი და თითოეული ჩვენგანის უბედურება, რომ თავიანთი ნიჭი, რესურსი, ენერგია და თუნდაც, გარკვეული განათლება გამოიყენეს ბოროტად, ქვეყნის საზიანოდ და ამიტომაც უთხრა მათ საზოგადოებამ უარი. ამიტომაც გამოვკვეთე გირგვლიანის საქმე, მათი „მოღვაწეობის“ თვალსაჩინო მაგალითი, რომელმაც პრაქტიკულად ფარდა ახადა მათ მორალურ სახეს, მათ ზნეობრივ და სამართლებრივ დამოკიდებულებას ადამიანის, საკუთარი მოქალაქეების და კანონის მიმართ“, – განაცხადა კოღუაშვილმა.

მისი თქმით, ეს მემკვიდრეობა დახვდა „ქართულ ოცნებას“, რომლის მთავარი ამოცანა იყო საზოგადოების ძალმომრეობისაგან დაცვა და ამაში უდიდესი დამსახურება მიუძღვის ბიძინა ივანიშვილს, რომლის ავტორიტეტმა, თავგანწირვამ და მზაობამ გადამწყვეტი როლი ითამაშა იმაში რომ, დღეს ადამიანის უფლებები დაცულია, თავისუფალია სასამართლო, ბიზნესი, მედია.

დავით კოღუაშვილის განცხადებით, მის მიმართ არსებული კითხვები, რომელიც გუნდში არსებობდა, გუნდშივე დაისვა და გაეცა კიდეც პასუხები.

კოღუაშვილის თქმით, მას არ ეპარება ეჭვი იმაში, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, რადგან ეს გუნდი იზრუნებს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე.

კოღუაშვილის განცხადებით, წინა ხელისუფლებისგან ბევრი პრობლემა დახვდა დღევანდელ ხელისუფლებას, მაგრამ ბევრი რამე უკვე გაკეთდა და დარჩენილი პრობლემებიც მოგვარდება. მისი თქმით, თავი სამართლებელი დღევანდელ ხელისუფლებას ნამდვილად არ აქვს, თავი უნდა იმართლოს წინა ხელისუფლებამ, „ოცნებამ“ კი ქართული საქმე უნდა აკეთოს.

დავით კოღუაშვილის განცხადებით, პოლიტიკიდან აღებული პაუზის პერიოდში მუშაობდა საკუთარი პროფესიით და ხელმძღვანელობდა რეფორმების ჯგუფს, რომელიც მუშაობდა ჯერ ევროკავშირის, შემდეგ კი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ეგიდით. დღეს კი ხელმძღვანელობს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების სამოქმედო გეგმის შესრულების უზრუნველყოფის მიმართულებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები