„უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის“ და „თავისუფალი თაობა“ პარლამენტის შესასვლელთან აქციის გამართვას აპირებენ
2 ივნისს, დღის 12 საათზე, თბილისის პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან, არასამთავრობო ორგანიზაციები – „უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის“ და „თავისუფალი თაობა“ უსახლკარო მოქალაქეთა მხარდასაჭერად, მორიგ საპროტესტო აქციას სახელწოდებით: „გაიღვიძეთ, პარლამენტარებო“ გამართავენ. ორგანიზაციის ინფორმაციით, აქციის მთავარი მიზანია ქვეყნის ხელისუფლებამ მიაქციოს ყურადღება ამ კატეგორიაში შემავალი ადამიანების პრობლემებს და მიიღოს „უმუშევართა კავშირის“ მიერ შემუშავებული კანონპროექტი „უსახლკაროთა შესახებ“. „ჩვენი აზრით, ეს პირველი ნაბიჯი იქნება ამ საკითხის მოგვარების გზაზე. ხსენებული კანონპროექტი გადაგზავნილია ყველა საპარლამენტო ფრაქციასთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით უსუფაშვილთან და მთავრობის ხელმძღვანელთან, გიორგი კვირიკაშვილთა, თუმცა ამ დრომდე მათი მხრიდან არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია. აქედან გამომდინარე, იძულებულები ვართ, მივმართოთ ქუჩის პერმანენტულ აქციებს, რათა ვაიძულოთ პარლამენტარები, მტკივნეულ და ყოველდღიურად მზარდ პრობლემას ყურადღება მიაქციონ და მისი გადაჭრის გზებზე იფიქრონ“, -აცხადებენ ორგანიზაციაში.