სოფიო კილაძე: ბატონმა ბიძინამ შეაფასა ის რეალობა, რაც დადგა საქართველოში
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი სოფიო კილაძე ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ღია წერილს აფასებს.
სოფიო კილაძე იზიარებს ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებებს იმის შესახებ, რომ ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხი ძალიან მაღალია.
მისი შეფასებით, ყოფილმა პრემიერმა ის მიღწევები შეაფასა, რომელიც მის და ზოგადად, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ძალის ქმედებებს უკავშირდება.
„ბატონმა ბიძინამ შეაფასა ის რეალობა, რაც დადგა საქართველოში. კერძოდ, დემოკრატიის ძალიან მაღალი ხარისხი, რომელიც ნამდვილად არის ჩვენს ქვეყანაში და რომელსაც აღიარებს საერთაშორისო თანამეგობრობაც მათ შორის. შეაფასა ასევე ის საფრთხეები, რომლებიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე ჯერ კიდევ, სამწუხაროდ, თუმცა დარწმუნებულები ვართ, რომ ყველანი ერთად ამ საფრთხეებს დავძლევთ. შესაბამისად, ჩვენი ქვეყანა დადგება დიდი ევროპული ოჯახის გვერდით“, – აღნიშნა პოლიტიკური საბჭოს წევრმა.
სოფიო კილაძემ ბიძინა ივანიშვილის ღია წერილის შეფასებისას ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე, რამაც მისივე განმარტებით, საბოლოო ჯამში, საქართველო ინვესტორებისა და ტურისტებისათვის უფრო მეტად სანდო, საინტერესო და მიმზიდველი უნდა გახადოს.