გიორგი მარგველაშვილი – ანდრეი კისკას: თქვენი ევროკავშირის პრეზიდენტობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იქნება

სლოვაკეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობა საქართველოს ევროინტეგრაციის გაღრმავებისათვის მნიშვნელოვან შესაძლებლობას შექმნის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტის ანდრეი კისკასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტმა ანდრეი კისკას ვიზიტს ისტორიული უწოდა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში სლოვაკეთს აქტიური მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
„ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის დიდი პატივია, რომ საქართველოში სლოვაკეთის პრეზიდენტის პირველი ისტორიული ვიზიტი შედგა, რომელიც ჩვენ ქვეყნებს შორის თანამშრომლობისათვის მნიშვნელოვანი იმპულსის მიმცემი იქნება. ჩვენ შევთანხმდით იმ ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებზე, რომლებსაც ტრადიციულად ჩვენ ვავითარებდით ერთობლივ ფორმატებში. მე მინდა, მადლობა გითხრათ თქვენი მტკიცე მხარდაჭერისთვის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კონტექსტში. მიმაჩნია, რომ თქვენი ევროკავშირის პრეზიდენტობა, რომელიც ერთ თვეში იწყება, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იქნება, რომ უფრო გააღრმავოს ჩვენი ევროპული ინტეგრაციის ტემპი.” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ანდრეი კისკას განცხადებით, საქართველომ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა იაროს ევროპისაკენ მიმავალ ერთადერთ გზაზე, რაშიც სლოვაკეთი მხარდაჭერას უცხადებს.
„საქართველოში გატარებული პირველივე საათების შემდეგ დარწმუნებული ვარ, რომ წავალ უდიდესი შთაბეჭდილებებით. მე ჩამოვედი იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებას კიდევ უფრო დიდი იმპულსი მივცე. მოხარული ვარ, რომ მე მახლავს ბიზნესმენთა ჯგუფი, რომლებთან ერთად ასეულობით კილომეტრით მოვცილდები დედაქალაქს, ვიმოგზაურებ ქვეყანაში და ჩვენ შევისწავლით გარემოს, იმისათვის, რომ დავეხმაროთ ქვეყნის ეკონომიკის და ტურიზმის სფეროს განვითარებას. ვიცით, რომ თქვენი კუტლურული პროდუქტი საკმაოდ მაღალი პოტენციალის მქონეა, იმედი მაქვს, რომ უამრავ პოზიტიურ სიურპრიზს შევთავაზებთ ჩვენს ქვეყნებს”, – განაცხადა ანდრეი კისკამ.
მისივე თქმით, გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის დროს ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებას შეეხებოდა.
„როდესაც ჩვენ გავხდით ნატო-ს წევრები, ჩვენი მშობლები ვერც კი იოცნებებდნენ ამის შესახებ, ივლისში კი, ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის პრეზიდენტი ხდება. ასოცირების შეთანხმება საქართველოს საკმაოდ დიდ ძალას აძლევს ამ გზაზე. ეს არის ის ბილიკი, რომელზეც თქვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ივლით იმ ერთადერთი მიმართულებით, რომელსაც ევროპული გზა ჰქვია. მიმაჩნია, რომ ნატო-ს ბოლო სამიტის შემდეგ თქვენ კარგი მოლოდინები უნდა გქონდეთ, იმის შესახებ თუ როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა. უამრავი რამ გაკეთდა, საკუთრივ ნატო-ს სამხედრო წვრთნები, რომლებიც ერთობლივად ჩატარდა საქართველოში. იმედი მაქვს, რომ შემდეგ სამიტზე გაცილებით დიდ მხარდაჭერას მოიპოვებს თქვენი ქვეყანა”, – განაცხადა ანდრეი კისკამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები