„სააკაშვილის მართვის სტილი სრულიად ანტიევროპული იყო და ადამიანების დათრგუნვას ისახავდა მიზნად“
სააკაშვილის გუნდი განუწყვეტლივ საუბრობდა დასავლეთთან ინტეგრაციაზე, თუმცა, მათი მიზანი არასდროს ყოფილა ქვეყნის ევროპეიზაცია – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ღია წერილში.
ექსპრემიერის შეფასებით, სააკაშვილის მართვის სტილი იყო სრულიად ანტიევროპული და ადამიანების დათრგუნვა-დამორჩილებას ისახავდა მიზნად.
„სააკაშვილის გუნდი განუწყვეტლივ საუბრობდა დასავლეთთან ინტეგრაციაზე, თუმცა მათი მიზანი არასდროს ყოფილა ქვეყნის ევროპეიზაცია, რაც, უპირველესად, განვითარებულ დემოკრატიას და თავისუფალი ადამიანებისგან შემდგარ სამოქალაქო საზოგადოებას გულისხმობს.
სინამდვილეში, სააკაშვილის მართვის სტილი იყო სრულიად ანტიევროპული და ადამიანების დათრგუნვა-დამორჩილებას ისახავდა მიზნად. სწორედ ამ ფსევდოევროპელობამ და ფასადურმა დემოკრატიამ შეუწყო ხელი საზოგადოების ერთ ნაწილში ანტიდასავლური და ანტილიბერალური განწყობების გაღვივებას, რაც ძალიან სახიფათოა ჩვენი ქვეყნისთვის.
ჩვენს გულგატეხილ თანამოქალაქეებს უნდა ავუხსნათ, რომ რასაც სააკაშვილი სჩადიოდა, იმას საერთო არაფერი აქვს არც დასავლეთთან, არც დემოკრატიასთან და არც ლიბერალიზმთან“, -აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.