ბიძინა ივანიშვილი: არავითარ შემთხვევაში არ გვაქვს უკან, ტირანიისკენ მიბრუნების უფლება

წარსულში დაბრუნების საფრთხეებზე საუბრობს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, სადაც ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ქვეყანამ „მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოს“.
ბიძინა ივანიშვილი დღეს გამოქვეყნებულ წერილში აცხადებს, რომ დღეს არსებული ეკონომიკური მდგომარეობა ავტორიტარიზმში დაბრუნების ნიადაგს ქმნის, ხოლო ქვეყნის მომავალი დემოკრატიის განუხრელად განვითარებას მოითხოვს.
„შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელ საქართველოში პოლიტიკურ პრობლემებს მნიშვნელოვანწილად ქმნის ის, რომ, ერთი მხრივ, გვაქვს მაღალი ხარისხის დემოკრატია და, მეორე მხრივ, მას მნიშვნელოვნად ჩამორჩება ეკონომიკის განვითარება. ასეთი განსხვავება დემოკრატიისა და ეკონომიკის დონეებს შორის იშვიათია და ძნელად თუ სადმე მოიძებნება.
როგორც წესი, დემოკრატიის ხარისხი შეესაბამება ეკონომიკის განვითარებას. დღეს არსებული ეკონომიკური მდგომარეობა ავტორიტარიზმში დაბრუნების ნიადაგს ქმნის, ხოლო ქვეყნის მომავალი დემოკრატიის განუხრელად განვითარებას მოითხოვს.
რასაკვირველია, ჩვენ მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ“, – აცხადებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი.
მისივე თქმით, სააკაშვილს ხელისუფლების იდეოლოგები ღიად ასაბუთებდნენ, რომ საქართველოს – ეკონომიკის სწრაფი წინსვლისა და მოდერნიზაციისთვის – აუცილებლად სჭირდებოდა ავტორიტარული რეჟიმი და რკინის ხელი – პოლიტიკურად ჩამორჩენილი ხალხი პატარა ჯგუფს უნდა ემართა.
„ამაში არწმუნებდნენ უცხოელებსაც და ამ შთაბეჭდილების შესაქმნელად დადგმულ სპექტაკლებს და უხეშ პროვაკაციებსაც არ ერიდებოდნენ. თუმცა, ვითომდა ქვეყნის საკეთილდღეოდ გამიზნული ამგვარი ქმედებები საბოლოოდ დასრულდა ერთი ჯგუფის მიერ ძალაუფლების უზურპირებით და ელიტური კორუფციით“, -აღნიშნავს ივანიშვილი.
მისივე თქმით, აუცილებელია, მთელმა საზოგადოებამ გააცნობიეროს ის ხიფათი, რომელიც დემოკრატიისა და ეკონომიკის დონეებს შორის სხვაობას ახლავს.
„ავტორიტარიზმის პირობებში ხელისუფლება მართავს საზოგადოებრივ აზრს – ერთი მხრივ, ხელოვნურად ნერგავს ოპტიმიზს და ცხოვრებას საამურად წარმოაჩენს, ამასთან ერთად კი, ძალადობით ახშობს უკმაყოფილების გამოვლინებებს. დემოკრატიის პირობებში კი ეკონომიკური სიდუხჭირით გამოწვეული განწყობების გამომზეურებას ხელს არაფერი უშლის. სწორედ აქ უნდა მოვუხმოთ გონიერებას და კარგად გავიაზროთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ გვაქვს უკან, ტირანიისკენ მიბრუნების უფლება. უნდა შევინარჩუნოთ დემოკრატიის მაღალი ხარისხი და მას დავაწიოთ ეკონომიკა. მხოლოდ ეს მოგვიტანს მშვიდობას და კეთილდღეობას! დღეს ნამდვილად გვაქვს თავისუფალი არჩევანის საშუალება, ვერც დაგვაშინებს ვინმე და ვერც ხმებს მოგვპარავენ, თუმცა, ეს საკმარისი არ არის, რადგან სწორი არჩევანი მხოლოდ ინფორმირებულ ამომრჩეველს შეუძლია, ამ მიმართულებით კი სერიოზული პრობლემებია“,- აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები