თანაინვესტირების ფონდი, “ჰაიდელბერგცემენტ კავკასუსი” და “ჰანიველ პარტნერსი” ერთობლივ პროექტს განახორციელებენ

საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა, “ჰაიდელბერგცემენტ კავკასუსმა” და “ჰანიველ პარტნერსმა” 120 მლნ ამერიკული დოლარის საინვესტიციო ღირებულების ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გამართეს.
პროექტის პრეზენტაცია საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართა. როგორც პრზენტაციაზე თანაინვესტირების ფონდის თავმჯდომარე გიორგი ბაჩიაშვილმა აღნიშნა, პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში “ჰაიდელბერგცემენტ კავკასუსის” ცემენტის და ბეტონის ქარხნების გადაიარაღებას თანამედროვე, ენერგოეფექტური და მაღალტექნოლოგიური დანადგარებით.
„ამ პროექტზე ჩვენ წელიწადნახევარია ვმუშაობთ და მოხარულები ვართ, რომ ჩვენ, სამივენი ერთად, ამ პროექტს განვახორციელებთ.
“ჰაიდელბერგი” არის უდავო ლიდერი საქართველოში ცემენტისა და ბეტონის ბაზარზე, სტრატეგიულად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, რადგან მათ გააჩნიათ ყველა ის ტექნოლოგია, რომ უდავო ლიდერობა შევინარჩუნოთ საქართველოსა და კავკასიის რეგიონში“, – განაცხადა თანაინვესტირების ფონდის დირექტორმა გიორგი ბაჩიაშვილმა.
მხარეებს შორის საბოლოო ხელშეკრულების გაფორმება მიმდინარე წლის ივნისში იგეგმება. პროექტის ფარგლებში 100 მლნ ამერიკული დოლარის ინვესტიცია განხორციელდება კასპის ქარხანაში ახალი, მშრალი მეთოდით წარმოების ხაზის დანერგვაში, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაიზრდება წარმოების პროცესის ეფექტურობა.
როგორც პროექტის ავტორები აცხადებენ, ახალი ტექნოლოგიების დანერგვასთან ერთად, პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას, გააუმჯობესებს ქვეყნის სავაჭრო ბალანსს და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. “ჰაიდელბერგცემენტის კავკასუსის” საწარმოების გადაიარაღების და განვითარების პროექტი 2016-18 წლებში განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები