XI საერთაშორისო ფესტივალი – „აღდგომიდან ამაღლებამდე“ გრძელდება

საერთაშორისო ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“ წელს XI-ედ იმართება. ფესტივალი, გასული წლების მსგავსად, წელსაც მსოფლიოში აღიარებულ ქართველ და უცხოელ მუსიკოსებს მასპინძლობს.
წელს საფესტივალო საღამოები, თბილისის გარდა, დედოფლისწყაროში, მესტიასა და ბათუმში გაიმართება.
ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია აშშ-ში მოღვაწე, მსოფლიოში აღიარებული პიანისტი ალექსანდრე კორსანტია.
ფესტივალი, 6 მაისს, განახლებული ოპერის სცენაზე, საზეიმოდ, ჯ. ვერდის ოპერა „დონ კარლოსით“ გაიხსნა, რომელიც ჯუზეპე ვერდის გარდაცვალების 115 წლისთავსა და ოპერის შექმნიდან 150 წელს მიეძღვნა.
XI ფესტივალში „აღდგომიდან ამაღლებამდე“, ჯ. ვერდის ოპერა „დონ კარლოსის“ საკონცერტო შესრულების იდეის ავტორი და ინიციატორი მსოფლიოში აღიარებული ქართველი სოპრანო იანო ალიბეგაშვილია. სწორედ მისი რეკომენდაციით მონაწილეობდნენ აღნიშნულ პროექტში ცნობილი მომღერლები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. იტალიიდან ბანი – ჯაკომო პრესტია და ბარიტონი – ანდრეა ბორგინი. ალბანეთიდან ტენორი – ჯუზეპე ჯიპალი. ქართველი ვარსკვლავები: მეცო-სოპრანო – ქეთევან ქემოკლიძე, ბანი – რამაზ ჩიკვილაძე, გიორგი გოდერძიშვილი და სოპრანო – ნანა ძიძიგური. სპეციალურად ამ კონცერტისთვის თბილისს სტუმრად ეწვია დირიჟორი ესპანეთიდან – ხოსე ლუის გომესი. მონაწილეობდნენ თბილისის ოპერის გუნდი და ორკესტრი. „დონ კარლოსის“ ქორმაისტერები: ავთანდილ ჩხენკელი და შალვა შაორშაძე იყვნენ. კონცერტმაისტერი – ვიქტორია ჩაპლინსკაია და დირიჟორის ასისტენტი – კახი სოლომნიშვილი. 6 მაისი საერთაშორისო ფესტივალის „აღდგომიდან ამაღლებამდე“ მსმენელისთვის დაუვიწყარ საკონცერტო დღედ იქცა.
ფესტივალის ფარგლებში მეორე საკონცერტო პროგრამა 8 მაისს კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა. კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის შემოქმედებითი საღამო კომპოზიტორის დაბადების 80 წლის იუბილეს მიეძღვნა. კონცერტში მონაწილეობდა ქართველი ბარიტონი, მსოფლიოს საუკეთესო საოპერო თეატრების სცნების მომღერალი გიორგი გაგნიძე. ასევე საფრანგეთში მოღვაწე საქართველოს დამსახურებული არტისტი არჩილ (ტატო) ხარაძე. კომპოზიტორის 80 წლის იუბილეზე კამერულ ორკესტრს „საქართველოს სიმფონიეტა“ დირიჟორი დავით მუქერია ხელმძღვანელობდა.
საერთაშორისო ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“ რეგიონში წელს პირველ კონცერტს, 19 მაისს, დედოფლისწყაროში გამართავს. საღამო ქართული სამედიცინო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ალექსანდრე ალადაშვილის დაბადებიდან 140 წლისთავს ეძღვნება.
ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“ 9 ივნისს ტრადიციულად ბათუმში დაიხურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები