„ქოლგას“ ფარგლებში ფოტოგამოფენა „კალეიდოსკოპი 2“ გაიხსნა

კოსტავას გამზირზე მდებარე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილი შენობა ფოტოგამოფენას, „კალეიდოსკოპი 2“ მასპინძლობს, რომელიც ფოტოკონკურსის „ქოლგას“ ფარგლებში იმართება.
ექსპოზიციაზე ფოტოგრაფიით დაინტერესებული სხვადასხვა პროფესიის ახალგაზრდების ნამუშევრებია წარმოდგენილი. „ქოლგას“ ფარგლებში 15-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი ჯგუფური და ინდივიდუალური გამოფენა გაიმართება.
კონკურსში მსოფლიოს 40-მდე ქვეყნის ფოტოგრაფი მონაწილეობს.
„კალეიდოსკოპის“ კონცეფცია შემდეგ პრინციპებს ემყარება: თანამოაზრეების შემოერთება, მიტოვებული, უფუნქციოდ დარჩენილი შენობების რამდენიმე დღით საგამოფენო სივრცედ გარდაქმნა და მათი სხვა პერსპექტივით წარმოჩენა. წელს „კალეიდოსკოპი 2“-ის მონაწილე ფოტოგრაფებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილი შენობა საკუთარი ძალისხმევით გარდაქმნეს საგამოფენო სივრცედ და ის დამთვალიერებელს სრულიად განსხვავებული რაკურსით წარუდგინეს.
„კალეიდოსკოპი 2“ ერთი წლის წინ დაწყებული ამავე სახელწოდების პროექტის გაგრძელებაა, რომელიც პირველად 2015 წლის 15 ნოემბერს გამოიფინა. კალეიდოსკოპური ფოტოებითა და საკუთარი ძალისხმევით 9 ფოტოგრაფმა რამდენიმე დღით თბილისის ძველი საბაგიროს ქვედა სადგურის გაცოცხლება შეძლო.
ექსპოზიცია დამთვალიერებელს 17 მაისამდე ელოდება.პროექტ “ქოლგას” გენერალური სპონსორი, „თი-ბი-სი ბანკია“. „თი-ბი-სი გალერეა“, არტ-გალერეა და ტელეკომპანია „არტარეა“ კი ფოტოკონკურსის მხარდამჭერები არიან. „თი-ბი-სი ბანკმა“ წელსაც გამოავლინა საკუთარი რჩეულები. ბანკმა მობილური ტელეფონით გადაღებული საუკეთესო ფოტოების ორი ავტორი (ნომინაცია „მობილური ფოტო“) IPHONE 6-ებით დააჯილდოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები