ორმაგი მოქალაქეობის მქონე პიროვნებებს აღრიცხვაზე აიყვანენ
პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პარლამენტს და მთავრობას დაავალა კანონპროექტის შემუშავება, რომელიც მოქალაქეებს ავალდებულებს, აცნობონ მთავრობას ორმაგი მოქალაქეობის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ გამოსასწორებელი სამუშაოები ელოდებათ, – ეს იდეა ნოვო- ოჩაგოვოში, პუტინის სენატორებთან შეხვედრისას ფედერაციის საბჭოს კონსტიტუციური კომიტეტის მეთაურმა ანდრეი კლიშასმა გამოთქვა. პუტინი მას დაეთანხმა, თუმცა პარლამენტარებს დაავალა, დასჯის მეთოდებს გადახედონ და ,,ძალიან არ გადააჭარბონ“.
,,ჩვენ უფლება გვაქვს, ვიცოდეთ, ვინ ცხოვრობს რუსეთში და რითია დაკავებული’’, – განაცხადა პუტინმა.
ამჟამად რუსეთის კონსტიტუციის მიხედვით, რუსეთის მოქალაქეს შეუძლია, საერთაშორისო მოლაპარაკების საფუძველზე იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქე, თუმცა მოსკოვმა ასეთი მოლაპარაკებები მხოლოდ თურქმენეთთან და ტაჯიკეთთან აწარმოა. ამასთან, თურქმენეთის ხელისუფლება შეთანხმებას გაუქმებულად მიიჩნევს. რუსეთის კონსტიტუციის ტექსტში საერთოდ არ ფიგურირებს სიტყვები: ,,ორმაგი მოქალაქე“, და შესაბამისად, რუსეთის ტერიტორიაზე პასპორტების მქონე ადამიანებს რუსეთის მოქალაქეებად განიხილავენ, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.
კლიშასი შეშფოთებულია, რომ ზოგიერთი ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, ადამიანმა, რომელმაც მოქალაქეობა მიიღო, ვალდებულია დადოს ფიცი, რომ იმ ქვეყნის ინტერესებს დაიცავს.
,,არიან ცნობილი კანონდამცველები, რომელთაც ამერიკის პასპორტები გააჩნიათ. პირს კი, რომელიც ამერიკის მოქალაქე ხდება, ადებინებენ ფიცს, სადაც არის სიტყვები, ყველგან და ყოველთვის ვალდებულები არიან, დაიცვან ამერიკის ინტერესები. ასეთი ფიცის დადება მიღებულია, მაგალითად, ლატვიის პასპორტის აღების დროსაც“, – განაცხადა კლიშასმა. კონსტიტუციის თანახმად, მეორე პასპორტის ქონა არ ზღუდავს რუსეთის მოქალაქის უფლებას, თუმცა 2000 წლიდან ამ კატეგორიის ადამიანებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება შეეზღუდებათ, – აღნიშნავს ადვოკატი ვლადიმერ პროხოროვი.
ცნობილი უფლებადამცველი და დისიდენტი ვლადიმერ ბუკოვსკი 2008 წელს კენჭს იყრიდა საპრეზიდენტო არჩევნებზე, თუმცა რუსეთის უმაღლესმა სასამართლომ მას რეგისტრაციაზე უარი უთხრა, რადგან ეჭვი შეიტანეს, რომ მას ბრიტანეთში ცხოვრების უფლება ჰქონდა.
,, ხელისუფლება აცხადებს, რომ მთავრობაში არ შეიძლება ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადამიანების დაშვება და ისინი აუცილებლად აღრიცხვაზე უნდა დადგნენ. გასაგებია, რომ ეს გავლენის მოსაპოვებლად ხდება. მაგალითად, სამხრეთ ოსეთში წამოწყებული კამპანია ეფუძნებოდა იმას, რომ იქ საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობენ ადამიანები, რომელთაც ისევ რუსული პასპორტები აქვთ“, – აღნიშნავს პროხოროვი.
2010 წელს ევროპის სასამართლომ დაადგინა, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა არ შეიძლება ამომრჩევლის უფლების შეზღუდვად იქცეს. სარჩელის ინიციატორი მოლდოველი პოლიტიკოსი ალექსანდრე ტენასე იყო, რომელიც მოლდოვის კონსტიტუციური სასამართლოს მდივანი გახდა იმის მიუხედავად, რომ რუმინეთის მოქალაქეც იყო. სხვა მაგალითად კალიფორნიის გუბერნატორი არნოლდ შვარცენეგერი შეიძლება დასახელდეს, რომელიც ავსტრიის მოქალაქეა, ასევე მაროკოს მოქალაქე საფრანგეთის ყოფილი იუსტიციის მინისტრი რაშიდა დატი. პუტინთან შეხვედრისას კლიშასმა კანონმდებლობის გამკაცრებისთვის კიდევ რამდენიმე ზომა დაასახელა.
,, დღეისთვის ,,უცხოეთის აგენტის“ სახით მხოლოდ ერთი ორგანიზაციაა დარეგისტრირებული, თუმცა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ასეთი მრავლად ფუნქციონირებს და პოლიტიკურ საქმიანობასაც ეწევიან. ამიტომ საჭიროა მათი რეესტრში გატარება“, – აცხადებს კლიშასი. რუსეთის იუსტიციის სამინისტროში „ბი-ბი-სის“ კორესპონდენტს დაუდასტურეს, რომ კანონში ცვლილებები ,,არაკომერციული ორგანიზაციების“ შესახებ, მართლაც, მზადდება, თუმცა ამ ეტაპზე მისი გადამუშავება მიმდინარეობს.