ოზურგეთში, წვერმაღალას პარკში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
ოზურგეთში, წვერმაღალას პარკში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიება მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში მოეწყო და მიზნად წარმატებული მოსწავლეების წახალისებას ისახავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, წარმატებული კურსდამთავრებულები ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ლალი სიჭინავამ დააჯილდოვეს.
„ემოციებით სავსე დღე და პოზიტიური შეხვედრა გვქონდა ახალგაზრდებთან წვერმაღალას პარკში. სტუდენტების მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამით, ოქროს მედალოსანი, ეროვნული გამოცდების შედეგად გრანტის მფლობელი ახალგაზრდები და მათი საჯარო სკოლები დავაჯილდოვეთ. ოზურგეთში საოცრად ნიჭიერი და იმედის მომცემი თაობა გვყავს, მათ ხელშია ჩვენი ქვეყნის მომავალი. მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება ჩვენს კურსდამთავრებულებს და ვუსურვო წინსვლა და წარმატებები“, – აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.
ახალგაზრდები შემდეგი კრიტერიუმებით დაჯილდოვდნენ: კურსდამთავრებულმა, რომელმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოიპოვა 100%-იანი გრანტით დაფინანსება მიიღო 3000 ლარი, 70%-იანი გრანტის მფლობელმა 1000 ლარი, ხოლო, 100%-იანი გრანტის მფლობელი საჯარო სკოლა თითოეულ მოსწავლეზე 1500 ლარით დაჯილდოვდა. ოქროს მედალოსნებმა, რომლებმაც მოიპოვეს 100%-იანი გრანტით დაფინანსება – ერთჯერადი ჯილდოს სახით მიიღეს დამატებით 500 ლარი, 70%-იანი გრანტის მფლობელმა 400 ლარი, ოქროს მედალოსნებმა 300 ლარი.