ირაკლი ლექვინაძე – ბოტანიკური ბაღი არ გაყიდულა, არც მომავალში გაიყიდება, ის აგრძელებს განვითარებას

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, ბოტანიკური ბაღის გარშემო მიმდინარე პროცესები არასწორ ინფორმაციაზეა დაყრდნობილი.
ლექვინაძის თქმით, ყველა საკითხი, რაც ბაღს უკავშირდება, აბსოლუტურ სამართლებრივ ჩარჩოებშია მოქცეული.
“ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით დაწყებული პროცესები, რომელიც ერთ კვირაზე მეტია მიმდინარეობს, აბსოლუტურად პოლიტიზებული, სპეკულაციური და აბსოლუტურად არასწორ ინფორმაციაზეა დაყრდნობილი. ამას აკეთებს ჩვენი ოპონენტი ოპოზიციური პარტია და ყველა საკითხი, რომელიც ბოტანიკურ ბაღს უკავშირდება, სამართლებრივ ჩარჩოშია მოქცეული”, – განუცხადა ლექვინაძემ “პირWელს”.
მერის მოადგილემ რამდენიმე კონკრეტულ საკითხზე გაამახვილა ყურადღება. ლექვინაძე არ ადასტურებს ინფორმაციას, თითქოს, ბოტანიკური ბაღი გაიყიდა.
“ბოტანიკური ბაღი არც გაყიდულა და არც მომავალში გაიყიდება. ის აგრძელებს განვითარებას. ტერიტორია არის 97 ჰექტარის ფარგლებში და სამი უმთავრესი მიზანი აქვს. ეს არის სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერება, არსებული მცენარეების და კოლექციების განვითარება, ტურისტული პოტენციალის უკეთ გამოყენება. არ არსებობს იმის თქმის საფუძველი, რომ ბოტანიკური ბაღი გასხვისდა და ვინმემ მიიერთა”, – განაცხადა ლექვინაძემ.
მისი თქმით, რეალურად, მოხდა საზღვრების კორექტირება, რის შედეგაც 97 ჰექტარიდან დაახლოებით, 4 ჰექტარი დაკორექტირდა.
“ბაღმა მიიღო კერძო კომპანიიდან საკამაოდ განვითარებული, კარგი ნაკვეთი, სადაც არის ირიგაცია მოწყობილი, მცენარეები გაშენებული და ბოტანიკურის მიზნებისთვის ბევრად უფრო მიზანშეწონილია. ამას ადასტურებს თვენახევრის განმავლობაში, ბოტანიკური ბაღის ირგვლივ ამ საკითხის შესწავლა. სამაგიეროდ, კერძო კომპანიის საზღვრებში მოექცა მხოლოდ 4 ჰექტარის ტერიტორია, რომელიც ათვისებული არ იყო. კორექტირების შედეგად, ბოტანიკური ბაღის საზღვრები დარჩა უცვლელი, უბრალოდ, საზღვრები დაზუსტდა”, – აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ.
მისი თქმით, არსებული კორექტირება კულტურული ძეგლის სტატუსს მიღმა მოხდა.
„კი, ბატონო, ბოტანიკური ბაღი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ის აღიარებულია 2007 წელს, 2000 წლის რუკის ფარგლებში, რომელიც 81 ჰექტარი ტერიტორიაა. მაგრამ ის კორექტირება, რომელიც განხორციელდა, არ უკავშირდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსად აღიარებულ ტერიტორიას”, – განაცხადა ლექვინაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები