“ოპოზიციას ბოტანიკური ბაღის პროექტთან დაკავშირებით ბრალდებები არ აქვს”

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის გია ჟორჟოლიანის განცხადებით, პარლამენტი დღეს ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს.
ჟორჟოლიანის თქმით, პროექტი ეკონომიკურად ეფექტური იქნება, რომელიც ამ ზონის გაცოცხლებას შეუწყობს ხელს.
“დღეს გვაქვს კომიტეტის სხდომა ამ საკითხთან დაკავშირებით. ზოგადად, თაბორის მთის საკითხს განვიხილავთ. ეს არის პროექტი, რომელიც თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის საფუძველზე ხორციელდება. პროექტი ეკონომიკურად ეფექტური იქნება. ხელს შეუწყობს ამ ზონის გაცოცხლებას, პარკის მშენებლობას, გამოყენებას მოქალაქეების მიერ. მთლიანობაში, ძალიან სასარგებლო პროექტია”, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.
მისი თქმით, ოპოზიციას პროექტთან დაკავშირებით, ბრალდებები არ აქვს.
“ოპოზიცია საუბრობს მხოლოდ ივანიშვილზე და მათი ამოცანა ივანიშვილის ფიგურის დისკრედიტაციაა. არავითარი ინტერესი მათ მოქალაქეების, ქალაქის განვითარებისათვის, ინტერესების დაკმაყოფილების, არ აქვთ”, – აცხადებს ჟორჟოლიანი.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღეა, ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისებასთან დაკავშირებით დავა მიმდინარეობს.
ცნობილია, რომ ტერიტორიების კორექტირებით, ბოტანიკურ ბაღს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, აქამდე გამოუყენებელი, აუთვისებელი ქვა-ღორღიანი განაპირა ფერდობის სანაცვლოდ, თაბორის მთის ვაკე ტერიტორია შეუერთდა. საბოლოოდ კი ბოტანიკური ბაღი უშუალოდ დაუკავშირდება კრწანისი-შინდისის ახალ გზას, რის შედეგადაც ბაღში გაჩნდება ახალი ალტერნატიული შესასვლელი. ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ თაბორის მთაზე ახალი ტურისტული მარშრუტიც მოეწყობა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება ქალაქისა და ბაღის საუცხოო ხედების დათვალიერება.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები