ირაკლი შოთაძე: ციხის ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე საერთაშორისო ძებნილია

„ციხის ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე საერთაშორისო ძებნილია“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განუცხადა.
მისი თქმით, მუხაძის წინააღმდეგ აღძრული ყველა ბრალდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არასათანადო მოპყრობის ფაქტებს ეხება.
„მუხაძეს რაც შეეხება, იგი სხვა საქმეებზეც არის ბრალდებული და საერთაშორისო ძებნილია. საქმეები, ძირითადად, ეხება არასათანადო მოპყრობის ფაქტებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. შესაბამისად, ამ ეტაპზე, პირველ რიგში, უნდა ჩატარდეს აღმკვეთი ღონისძიების პროცესი, რის შემდგომაც ჩატარდება შესაბამისი ღონისძიებები საერთაშორისო ძებნილის დასაკავებლად“, – აღნიშნა მთავარმა პროკურორმა.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბესიკ ხარძიანისთვის ბიზნესის წართმევის საქმეზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 საპყრობილის ყოფილ დირექტორს, ალექსანდრე მუხაძეს და ბიზნესმენ გია უდესიანს ბრალი წაუყენა.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გია უდესიანის დავალებითა და ალექსანდრე მუხაძის მითითებით, ბესიკ ხარძიანზე საპატიმრო დაწესებულებაში ხორციელდებოდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა. საბოლოოდ, გამოძალული ქონების საერთო ღირებულებამ შეადგინა 5 მილიონ ლარზე მეტი. დანაშაული სასჯელი 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები