კონკურსი "მომავლის მწერალი"

    კულტურის სამინისტროში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე მარგიშვილმა და მინისტრის მოადგილემ ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკიმ დაგეგმილი კონკურსის „მომავლის მწერალი“ შესახებ პრესკონფერენცია გამართეს. კონკურსი ტარდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ფონდის „საზოგადოებრივი თანადგომა“ ინიციატივითა და ორგანიზებით. ერთობლივი კონკურსის მიზანია, გამოავლინოს და საზოგადოებას გააცნოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდები. ღონისძიებას დაესწრნენ: პროექტის ავტორი და ინიციატორი, კულტურის სამინისტროს თანამშრომელი ირმა ბერიძე, ლიტერატურული კონკურსის „პენ-მარათონი“ გამარჯვებული ინა არჩუაშვილი, მწერალი, ლიტერატურული კონკურსების „გალა“ და „საბა“ ჟიურის წევრი, „ლიტერატურული გაზეთის“ რედაქტორი ირაკლი ჯავახაძე, მწერალი, ლიტერატურული კონკურსის „საბა“ გამარჯვებული მაკა ლდოკონენი, ჟურნალისტი, მწერალი ბექა ქურხული. შეგახსენებთ, კონკურსი „მომავლის მწერალი“ ჩატარდება 2014 წლის 3-13 აპრილს და მასში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების (დუშეთი, ყაზბეგი, თიანეთი, ონი, ამბროლაური, ცაგერი, ლენტეხი, მესტია, ხულო, ქედა და შუახევი) მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები. ფინალისტებსა და გამარჯვებულებს, რომელთაც კომპეტენტური ჟიური გამოავლენს, გადაეცემათ ფულადი ჯილდო. დასკვნითი ღონისძიება გაიმართება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები