თანაინვესტირების ფონდი აუქციონზე შეძენილ ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცის მოწყობას და სასტუმროს მშენებლობას გეგმავს

თანაინვესტირების ფონდის  სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, აუქციონზე შეძენილი, კრწანისი-შინდისის გზის მიმდებარედ არსებულ 29 ჰექტარ მიწის ტერიტორიაზე ფონდი რეკრეაციული და სპორტული გამაჯანსაღებელი დანიშნულების სივრცის მოწყობას აპირებს. მისივე ინფორმაციით, დაგეგმილია მაღალი დონის სასტუმროს მშენებლობა.

”გვინდა გაგიზიაროთ ჩვენი ზოგიერთი მოსაზრება და იდეა აღნიშნული ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებით, რომელსაც განვიხილავთ ბრწყინვალე შესაძლებლობად ქალაქისთვის, რომ ქალაქის მაცხოვრებლმებმა და სტუმრებმა მიიღონ ბრწყინვალე რეკრეაციული, სპორტულ გამაჯანსაღებელი დანიშნულების სივრცე. ცხადია, შესაბამის აუქციონს თან ახლდა კონკრეტული პირობები, რომელიც ითვალისწინებს არა ნაკლებ 80 ნომრიანი სასტუმროს მოწყობას. საუბარია მაღალი კლასის სასტუმროზე. ასევე, ითვალისწინებს იქ არსებული მწვანე ნარგავების და ხეების მოვლა-პატრონობას, არსებული ხეების შენარჩუნებას და ახალი ხეების დარგვას. ამასთანავე, პერსპექტივაში გათვალისწინებულია მოქმედებები, რომელიც უკავშირდება საირიგაციო სისტემის მოწყობას და შესაბამისი ნოყიერი ნიადაგების შეტანას, ვინაიდან საქმე გვაქვს საკმაოდ გახრიოკებულ ნიადაგებთან. ბუნებრივია, შესაბამისი კვლევები, შესაბამისი საექსპერტო დასკვნები იქნება შემუშავებული და წარმოდგენილი. მაგრამ გვინდა განვაცხადოთ, რომ ყველა პირობა ზედმიწევნით შესრულდება. ეს შეეხება როგორც ირიგაციის მოწყობას, ასევე განაშენიანების ფართს, რომელიც ასევე არის შეზღუდული”, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მისივე განმარტებით, ”ნებისმიერი მშენებლობა, თუკი რამ განხორციელდება რეკრეაციული, საზოგადო დანიშნულებით, განხორციელდება მხოლოდ და მხოლოდ სიღრმეში, ანუ, ეს არ იქნება აღქმული დედაქალაქის არც ერთი ხედიდან”.

”მიგვაჩნია, რომ ნამდვილად არის საჭიროება, ქალაქში ოჯახებს ჰქონდეთ შესაძლებლობა აღმოჩნდნენ ბრწყინვალე ბუნებაში, რომელიც იქნება მოვლილი, კეთილმოწყობილი და დაკავდნენ სხვადასხვა სპორტული მოქმედებით. აუცილებლად იქნება გათვალისწინებული სარბენი ბილიკები, ველობილიკები, სხვა რეკრეაციული ინფრასტრუქტურა, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა ჯანსაღ და სუფთა გარემოში კარგად გაატაროს დღე. ამ მომენტისთვის გარკვეული იდეის დონეზე გვაქვს მოსაზრება, რომ გავაკეთოთ გოლფის მოედანი, რომელიც მწირი რაოდენობით ითხოვს ნაგებობებს, თუ საერთოდ ითხოვს”, – აღნიშნა თანაინვესტირების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები