თანაინვესტირების ფონდი ადასტურებს, რომ კრწანისი-შინდისის გზაზე 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთი აუქციონზე თავად შეიძინა

თანაინვესტირების ფონდი ადასტურებს, რომ კრწანისი-შინდისის გზის მიმდებარედ არსებული 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთი აუქციონზე თავად შეიძინა. შესაბამისი განცხადება ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
როგორც მან განმარტა, აუქციონში მონაწილეობა ფონდის შუამავალმა კომპანიამ მიიღო.
”ჩვენ გვინდა გავაკეთოთ განცხადება, რომელიც უკავშირდება გამოცხადებულ აუქციონს თაბორის მთაზე, 29 ჰექტარ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით. საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა თავისი შუამავალი კომპანიის მეშვეობით მიიღო მონაწილეობა აღნიშნულ აუქციონში, რომელიც საჯაროდ გამოცხადდა და დაფიქსირდა გამარჯვებულად.
დღეს, 17:00 საათზე, დასრულდა აუქციონი. ბუნებრივია, შესაბამისი კანონით დადგენილი პროცედურების გავლით, ჩვენ გავაფორმებთ ხელშეკრულებას და ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავიწყებთ ყველა ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, მათ შორის თანხის გადახდას”, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 წლის განმავლობაში (48 თვის ვადაში) განახორციელოს არანაკლებ 80- ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა; ასევე სასტუმრო კომპლექსისთვის უზრუნველყოს არანაკლებ 50 ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე გათვლილი ავტოსადგომის მოწყობა. გარდა ამისა, ხელშეკრულების გაფორმებიდან სააუქციონო პირობების შესრულებამდე პერიოდის განმავლობაში, პროექტის ფარგლებში განახორციელოს გადაცემულ მიწის ნაკვეთზე მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, განახლება, ტერიტორიის კეთილმოწყობა, რეკრეაციული სივრცის განვითარება და საირიგაციო სისტემის მოწყობა. აუქციონი თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტომ 22 აპრილს გამოაცხადა. მისი პირობების თანახმად, გასაყიდი ტერიტორიის საწყისი ფასი 6 233 000 ლარს შეადგენდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები