ირაკლი შოთაძემ „ადგილობრივი საბჭოს“ პირველი სამუშაო შეხვედრა ბათუმში გამართა

ბათუმში საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ „ადგილობრივი საბჭოს“ პირველი სამუშაო შეხვედრა გახსნა.
როგორც „კვირას“ მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, სასტუმრო „ინტურისტში“ გამართულ შეხვედრას მთავარი პროკურორის მოადგილეები – მამუკა ვასაძე, გიორგი გოგაძე და გიორგი გაბიტაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი ლევან პაქსაშვილი, მთავარი პროკურატურის დეპარტამენტისა და სამმართველოს უფროსები, რაიონული პროკურორები, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ხელმძღვანელი თანამდებობის პირები, სხვა სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა საქართველოს პროკურატურის მიერ მომზადებული კვლევები ოჯახში ძალადობისა და 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირის თემაზე.
დამსწრე პირებმა იმსჯელეს რეგიონში გავრცელებული დანაშაულების გამომწვევ მიზეზებზე, საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის გააქტიურებაზე და დაგეგმეს პრევენციული ღონისძიებები.
2016 წლის 4-6 მაისს, პროექტ „ადგილობრივი საბჭოს“ ფარგლებში, ბათუმში პროკურორების მონაწილეობით გაიმართება სხვადასხვა ღონისძიება, რომლებიც მიზნად ისახავს „ადგილობრივი საბჭოს“ ფუნქციებისა და გავრცელებული დანაშაულების (ოჯახში ძალადობის, 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირის) შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
პროკურატურის წარმომადგენლები შეხვდებიან მოსახლეობას, სტუდენტებს, მოსწავლეებს, მასწავლებლებს, რომლებსაც მიაწვდიან ინფორმაციას „ადგილობრივი საბჭოს“ ფუნქციებისა და მათ რეგიონში გავრცელებული დანაშაულების შესახებ.
კვირეულის ფარგლებში ბათუმის საჯარო სკოლაში გაიმართება პროექტი „იმიტირებული გამოძიება“, რომელშიც მონაწილეობას დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები მიიღებენ. ღონისძიების ფარგლებში პროკურორები მოსწავლეებს მიაწვდიან ინფორმაციას სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის, გამოძიების ეტაპებისა და ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების, დანაშაულის არსისა და აღნიშნულთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი საკითხების შესახებ.
პროექტის დასასრულს მოსწავლეები დამოუკიდებლად გამოიძიებენ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეს და ჩაატარებენ ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას.
პროექტი „იმიტირებული გამოძიება“, რომელსაც პროკურატურა 2014 წლიდან ახორციელებს, მიზნად ისახავს დანაშაულთან ბრძოლაში საზოგადოების როლის გაცნობიერებას, სამართლებრივი ცოდნის გაღრმავებას და დანაშაულის პრევენციას. ბათუმის შემდეგ პროექტი „ადგილობრივი საბჭო“ მაღალმთიან აჭარაში, ქვემო ქართლში, სამეგრელოში და სამცხე-ჯავახეთში განხორციელდება.
„ადგილობრივი საბჭო“ რეგიონალურ დონეზე საკოორდინაციო ორგანოს წარმოადგენს, რომელშიც სამართალდამცავი ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის, აღმასრულებელი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საზოგადოების სხვა წევრები არიან გაწევრიანებულნი. მისი ძირითადი ფუნქციაა რეგიონში არსებული კრიმინოგენური მდგომარეობის განხილვა, რეგიონისთვის საჭირო პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება, ინიციატივების შემუშავება, სხვა სახელმწიფო უწყებებთან და არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობით დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინირებული გეგმის დასახვა. „ადგილობრივი საბჭოს“ სხდომა და კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები აშშ-ს საელჩოს საერთაშორისო ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების ბიუროს მხარდაჭერით ხორციელდება. საქართველოს პროკურატურა მოუწოდებს საზოგადოების წევრებს „ადგილობრივი საბჭოს“ საქმიანობაში აქტიური ჩართულობისკენ. საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: localcouncil@pog.gov.ge.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები