,,გულო ბებოს“ პერსონაჟები და ნაქსოვი თოჯინების გამოფენა იტალიაში

ის, რაც გართობით დაიწყო, შემდეგ გატაცებაში გადაიზარდა,- დღეს კი სერიოზულ საქმედ იქცა. ასე შეიქმნა: ,,პერსონაჟები მეგობრების ჩანაწერებისათვისდა ფეისგულეთის ალბომი“. ემიგრაციაში მცხოვრები კიდევ ერთი ქალბატონი, რომლის ნაქსოვ თოჯინებზეც ზღაპრები იწერება. გაიცანით,- გულნარა მიქანაძესვანიძე.

ბათუმელი ქალბატონი როგორ მოხვდით ვენეციაში? 1624762_723056571058841_774235619_n
– უფრო კონკრეტულად გეტყვით – ვენეციის რაიონის დაბა ჩეჯაში ვარ. აქ ჩემი დაა გათხოვილი და 2003 წელს მე და ჩემი 13 წლის ქალიშვილი მისი მოწვევით ჩამოვედით. თამრი 4 წელი სწავლობდა იტალიაში და მერე აღარ ისურვა და ბათუმში დაბრუნდა. ბათუმში ოჯახი მაქვს, მყავს მეუღლე და 3 შვილი, უფროსი,-თემური მალე 42 წლის გახდება, ალეკო 37 წლისაა,  თამარი 24 წლისაა. იგი 9 აპრილს დაღუპული თამრიკო ჭოველიძის სახელზეა გაჩენილი, ამიტომ პირველსა და მას შორის განსხვავება 18 წელია. ჰყავს მეუღლე და 4 წლის გაბრიელი. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში სწავლობს. ძნელია, გათხოვილი ქალის სტუდენტობა,- ეს მეც გამოვცადე: 2 შვილი მყავდა, როცა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ბათუმის ფილიალში ვსწავლობდი საღამოს დასწრებულზე და თან ვმუშაობდი. ჩემი ვაჟები 18 წლისანი დაქორწინდნენ. უფროსი შვილიშვილი მალე 21 წლის გახდება. სტუდენტობის პერიოდში ბათუმის ინდუსტრიულ ტექნიკუმში ვმუშაობდი. ბოლო კურსზე სპეციალობით უნდა მემუშავა და 23-ე სკოლაში ხაზვა- ხატვის მასწავლებლად დავიწყე მუშაობა, რაშიც ჩემთვის ძვირფასი ადამიანები, აწ გარდაცვლილი, თემური და დავით კომახიძეები დამეხმარნენ. მერე პედაგოგიურ კოლეჯში დავიწყე შრომითი სწავლების მეთოდიკის სწავლება და უნივერსიტეტშიც ამავე საგანს დაწყებითების ფაკულტეტზე 2003 წლამდე ვასწავლიდი. ამავე პერიოდში სკოლაშიც გოგონებთან  შრომის საათები მქონდა.
თქვენ მარტო საოცარ თოჯინებს კი არ ამზადებთ, ამ თოჯინებით ასევე საოცარ სიტუაციებს ქმნით...
– თოჯინების კერვასა თუ ქსოვას შრომის გაკვეთილებზე ვასწავლიდი სტუდენტებსა თუ მოსწავლეებს… საინტერესოა. შრომის გაკვეთილებზე თითქოს გამოუსადეგარი რამ შეიძლება გამოიყენო და მას ახალი სიცოცხლე შთაბერო. ეს კარგად ჩანს ჩემი ალბომების დათვალიერების დროს. ჩემი გახმაურებული თოჯინების ისტორია ფეისბუქზე დაიწყო. მეგობარი კობა ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებდა მხიარულ მინიატიურებს და ერთ- ერთი ასეთი ჩანაწერი იყო: “რუბიკა ზღვაზე“. იმდენად მონატრებული მქონდა ზღვა და ბათუმი, რომ მაშინვე წარმოვიდგინე ის რუბიკა და პირველი სახასიათო თოჯინაც ასე მოვქსოვე. ეს 2010 წლის 8 სექტემბერს იყო. ამ თოჯინას ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. განსაკუთრებით კი გოჩა ბაქრაძემ შემაგულიანა.
მოკლედ, მისი სურვილი და ეს შეკვეთა, რაც იყო, ვფიქრობ, ზუსტად შევასრულე. მოვქსოვე გოჩა ბაქრაძე და ქალი, რომელიც დოლარზე დგას. ამის შემდეგ შეიქმნა ფეისგულეთის ალბომი, სახელიც მეგობრებმა შეარქვეს კომენტარებიდან. შემდეგ კი ზღაპრებიც მეგობრების კომენტარებით შეიქმნა. საერთოდ, სახასიათო სურათებს ვეძებ და მერე ისინი ჩემს ალბომში გადამაქვს. ვუხამებ ფერებს, ქსოვის დროს კი უკვე სურათს ვუყურებ და იმის მიხედვით ვაკეთებ.10151443_723060577725107_1619634632_n
 – რა მასალებს იყენებთ მათ დასამზადებლად და სულ რამდენი თოჯინაა თქვენს კოლექციაში?
– ჩემს თოჯინებს ყველანაირი მასალისგან ვაკეთებ, როგორც ადრე ვთქვი, ყველანაირ ბუნებრივ მასალას ვიყენებ. ხოლო ნაქსოვი თოჯინებისათვის, ძირითადად, ხელოვნურ ძაფს და დასატენად ხელოვნურ ბამბას, პლასტმასისა და მინის ქილებსაც ვიყენებ. რამდენი თოჯინა გავაკეთე,- არ დამითვლია. ალბომში სულ 130 თოჯინაა. თოჯინები სურათებიდან კი 321, ზოგი თოჯინა ზღაპრებისთვის გამოვიყენე. საერთოდ კი, მათ არ ვითვლი, ბევრჯერ ვაკეთებ და მერე დაბადების დღეებზე ვჩუქნი ახლობლებს. მათ დასამზადებლად ბუნებრივ მასალებს ვიყენებ: საქსოვ ძაფებს, გამხმარ ტოტებს.
პირველი თოჯინა ჩალისგან გავაკეთე. მაშინ ალბათ 7 წლის ვიქნებოდი, ყოველთვის მიყვარდა მინიატიურული თოჯინები, ჩემი თოჯინები 10 სანტიმეტრიდან 25 სანტიმეტრამდეა.
რამდენადაც ვიცი, გამოფენები საქართველოსა და იტალიაშიც გქონდათ...
– გამოფენები სხვადასხვა წელს ბათუმში ყოფნის დროსაც მქონდა. 2011 წელს გამოფენა ბათუმსა და თბილისში გაიმართა. 2012 წელს – ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში. 2013 წელს კი – იტალიაში მქონდა.
 – ვიცი, იუმორის გრძნობა გაქვთ, ამ თოჯინებს სახალისო ამბებსაც ურთავთ თუ რაიმე ამბის მოსმენის შემდეგ გიჩნდებათ თოჯინები დამზადების სურვილი?
– სახალისო ამბები მეგობრების ჩანაწერებიდანაა. ბათუმში ტარდება ლექსების გამოფენა და რამდენიმე წელია მათი ჩანაწერების მიხედვით ვაკეთებ ჩემს თოჯინებს და მერე საჩუქრად ვაგზავნი ლექსების გამოფენაზე. ან კიდევ, თუ რაიმე იდეა ძალიან მომეწონა ჩემი მეგობრების ჩანაწერებიდან, იმის მიხედვით ვქმნი. ასე შეიქმნა ალბომი: ,,პერსონაჟები მეგობრების ჩანაწერებისათვის”. ამის შემდეგ შეიქმნა “ფეისგულეთის ალბომი“,- ეს სახელიც მეგობრებმა შეარქვეს. შემდეგ კი მეგობრების კომენტარებით ზღაპრებიც დაიბადა.
თქვენი ხასიათიდან გამომდინარე, თქვენი თოჯინებიც სულ იცინიან10150835_723056661058832_443679826_n
– დავესესხები პოეტის სტრიქონებს: ,,ვინ რა იცის, რომ ეს გული მკვდარია, რომ სიცილი ზოგჯერ ცრემლზე მწარეა”.  სადარდებელი და საფიქრალი ბევრი არის, მაგრამ ვცდილობ, ჩემი სატკივარი სხვას არ მოვახვიო და თოჯინებიც მშველის ამ საქმეში. თუნდაც, 60 წელი რომ შემისრულდა, ვიცოდი, მარტო ვიქნებოდი მოხუც ქალთან ერთად და არავითარი საზეიმო განწყობაც არ მექნებოდა. ამისთვის წინასწარ მოვემზადე და ასე შეიქმნა ალბომი – ,,გულო ბებოს იუბილე”. მერე ამ ზღაპრებისთვის ვიყენებ მინიატიურულ მუსიკალურ ინსტრუმენტებს, რომლებიც თვეში ორჯერ იყიდებოდა გაზეთების ჯიხურებში სულ 61 დასახელებისაა. მე აქედან 25 სახის შევიძინე. თითოს ნივთის ფასი 10 ევრომდეა.
 –  აგვიწერეთ იტალიაში თქვენი ცხოვრების ერთი დღე
– იტალიაში მოხუც ქალს ვუვლი,84 წლის შინაბერაა, 7 საათზე ყავას მივართმევ საწოლში, მერე ჩვეულებრივად ოჯახის საქმეები, სადილამდე 1 საათით ეტლით უნდა გავიყვანო. სადილამდე და სადილის შემდეგ იძინებს. სამხარის შემდეგ კი ისევ გარეთ გამყავს. საღამოს კი ტელევიზორის ყურების დროს ვიცლი, რომ ჩემი საყვარელი საქმე ვაკეთო. ცუდი ამინდის შემთხვევაში კი მეტი თავისუფალი დრო მაქვს.
რომელია თქვენი საყვარელი ადგილი ბათუმსა და იტალიაში?
– ჩემი საყვარელი ადგილი ბათუმში ნურის ტბასთანაა, იქ ზოოპარკის კედელთან ვცხოვრობდი… იტალიაში კი,- ვენეცია, და რამდენჯერაც არ უნდა ვეწვიო, დიდი სიამოვნებით ვათვალიერებ. მიყვარს ვენეციამდე ორთქლმავლით მგზავრობა. ვენეცია ხომ წყალზე აშენებული ქალაქია, ყველაზე უფრო მხიბლავს 4- კილომეტრიანი ხიდი წყალზე, რომელზეც მატარებლები და მანქანები ერთდროულად მოძრაობენ.
როგორია, სიზმარში ნანახი საქართველო?
– საქართველო სიზმარშიც და ცხადშიც დიდი სატკივარია, ამისი სიტყვებით გადმოცემა არც შეიძლება, ნოდარ დუმბაძის არ იყოს, რომელიც მან მოთხრობაში “HELLADOS“ დაწერა: „სამშობლო უფრო ღრმადაა. უფრო შიგნით“…

 

თეონა გოგნიაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები