გიორგი კვირიკაშვილი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა
25-29 აპრილს საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი აშშ–ის ვიცე–პრეზიდენტს, ჯოზეფ ბაიდენს შეხვდება.
დაგეგმილია შეხვედრები სენატისა და წარმომადგენლობითი პალატის წევრებთან.
ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი შეხვდება წამყვან ამერიკულ ბიზნესწრეებს და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებს.
პრემიერ-მინისტრი გამართავს შეხვედრებს მსოფლიო ბანკის პრეზიდენტ ჯიმ იონგ კიმთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, მინ ჟუსთან.
დაგეგმილია გიორგი კვირიკაშვილის სიტყვით გამოსვლა აშშ–ს მშვიდობის ინსტიტუტში და ილინოისის უნივერსიტეტში. პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდება ბოსტონში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე.