„ტავ ჯორჯია“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებაში ინვესტირებას განაგრძობს
„ტავ ჯორჯიამ“ წარადგინა პროექტები, რომლებიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის აეროდრომზე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში განახორციელა. კომპანიის ინფორმაციით, აეროდრომზე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების აუცილებლობა გაზრდილი მგზავრთნაკადის ფონზე დადგა. ამ სამუშაოებში ტავ ჯორჯიამ 16 მილიონ ლარამდე ინვესტიცია ჩადო.
„გაფართოვდა სამიმოსვლო ბილიკი „E”, რაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტს საშუალებას მისცემს შეუფერხებლად მიიღოს და მოემსახუროს დიდ გაბარიტიან (Wide-body) საჰაერო ხომალდებს. რეაბილიტირებული სამიმოსვლო ბილიკი აკმაყოფილებს ეროვნულ და ICAO-ს სტანდარტებს. ამ სამუშაოების პარალელურად, საქაერონავიგაციამ ვიზუალური ჰაერსანაოსნო საშუალებების (სანათები და ნიშნები) განახლება/მონტაჟი განახორციელა.
ასევე, ტავ ჯორჯიას ინვესტიციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო ხომალდების მომსახურებისთვის დამატებითი სადგომები მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა უკვე არსებული სადგომების ნაწილს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, დიდ გაბარიტიანი (Wide-body), ICAO-ს სტანდარტით „F” და „E” კოდების მქონე საჰაერო ხომალდების ახალი სადგომი მოეწყო. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ბაქანი #3-ის ტერიტორიას, სადაც მოეწყო საშუალო გაბარიტიანი (Narrow-body), ICAO-ს სტანდარტებით „C” კოდის მქონე თვითმფრინავის 3 სადგომი და ამავე ბაქანზე რეაბილიტირდა და მოეწყო 3 ვერტმფრენის სადგომიც.
აეროდრომის ნაწილში საერთო ჯამში ხელოვნური საფარი 100 000 მ2 -მდე ფართობზე განახლდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის კომპანიამ შეიძინა ახალი სააეროდრომო უზრუნველყოფის ტექნიკა, რომელიც აუცილებელია აეროდრომის მოვლა-შენახვისა და ოპერირებისთვის. ამასთანავე, მიმდინარეობს აეროპორტის სახანძრო უზრუნველყოფის დეპოს მოდერნიზებისა და გაფართოების პროექტი. ტავ ჯორჯიამ შეიძინა სრულიად ახალი, სწრაფი რეაგირების სახანძრო ავტომობილი, რომელიც ICAO-ს სტანდარტების გათვალისწინებით ევროპული ბრენდის RENAULT-ის ბაზაზე მოდიფიცირდა.
“ეს არის აეროპორტის ის ნაწილი, რომელსაც მგზავრები მხოლოდ ილუმინატორებიდან ხედავენ და ალბათ ბევრს არც კი უფიქრია, თუ რამხელა რესურსს, ძალისხმევასა და ინვესტიციას საჭიროებს ამ ინფრასტრუქტურის მუდმივი წესრიგში ყოფნა. მით უმეტეს კი იმ ფონზე, როცა მგზავრთნაკადი თბილისის აეროპორტში წლიდან წლამდე იმატებს და უფრო და უფრო მეტი თვითმფრინავი ხვდება ამ ტერიტორიაზე. მხოლოდ გასული ერთი წლის განმავლობაში აქ, აეროდრომის ნაწილში ინფრასტრუქტურის განახლებასა და ტექნიკაზე ტავ ჯორჯიამ 16 მილიონამდე ლარი დახარჯა, რათა იმ საჰაერო ხომალდებს, რომლებიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ასრულებენ ფრენებს ჰქონდეთ მაღალი ხარისხის სერვისი და უსაფრთხოების მაქსიმალური გარანტიები, რომელსაც როგორც ეროვნული ასევე ICAO-ს სტანდარტები ითვალისწინებს. სამიმოსვლო ბილიკის გაფართოებისა და ახალი სადგომების მოწყობის შედეგად ჩვენ უკვე გვაქვს საშუალება რომ შეუფერხებლად, შეზღუდვების გარეშე მივიღოთ დიდგაბარიტიანი საჰაერო ხომალდები და გავზარდოთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა. ასევე, მნიშვნელოვანია სახანძრო დეპოს გაფართოებაც. როცა ეს კონკრეტული პროექტი დასრულდება, სახანძრო დეპოში მოეწყობა სასწავლო სივრცე პერსონალის გადამზადებისთვის და ასევე ფიზიკური მომზადებისთვისაც. ამასთანავე, საგანგებო სიტუაციების ეფექტურად სამართავად რეაბილიტირებულ დეპოში განთავსდება საავარიო ოპერატიული ცენტრი” – აცხადებს „ტავ ჯორჯიას“ აეროდრომის შესაბამისობის მონიტორინგის ხელმძღვანელი ლევან მოსეშვილი.
„ტავ ჯორჯია“ საქართველოში უკვე 20 წელია, ოპერირებს. ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიის მიერ საქართველოში განხორციელებული ჯამური ინვესტიცია დღეის მდგომარეობით 227 000 000 ამერიკულ დოლარს აჭარბებს”, – აღნიშნულია „ტავ ჯორჯია“-ს ინფორმაციაში.