ყაზახური ავიაკომპანია AIR ASTANA 27 მაისიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალ მიმართულებას – ატირაუ-თბილისი-ატირაუს იწყებს

ატირაუ-თბილისი-ატირაუ – 27 მაისიდან ყაზახური ავიაკომპანია AIR ASTANA თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალ მიმართულებას იწყებს. ავიაკომპანია ატირაუ-თბილისის მიმართულებით ფრენებს კვირაში სამი სიხშირით შეასრულებს. როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე www.airastana.com უკვე შესაძლებელია.

გარდა ამისა, ცენტრალური აზიის უმსხვილესი ავიაკომპანია Air Astana ალმათიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ზაფხულის სეზონზე, კვირაში 9 სიხშირით შეასრულებს. ოთხშაბათსა და შაბათს ავიაკომპანია საქართველოს დედაქალაქის მიმართულებით დღეში ორჯერ იფრენს.

ივნისიდან განახლდება სეზონური ფრენები ალმათი-ბათუმის მიმართულებით კვირაში სამი სიხშირით, ხოლო ივლისი-აგვისტოს პერიოდზე ავიაკომპანია სიხშირეების ზრდას კვირაში 5-მდე განიხილავს.

Air Astana, ასევე ივნისიდან განაახლებს ფრენებს, თბილისსა და ყაზახეთის დედაქალაქ ასტანას შორის კვირაში სამი სიხშირით.

რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, ქუთაისიდან ყაზახეთში ფრენებს 5 ქალაქის მიმართულებით Air Astana-ს შვილობილი ავიაკომპანია დაბალბიუჯეტური FlyArystan ასრულებს. ზაფხულის სეზონზე კი ყაზახეთის მიმართულებით და პირიქით, რეისების რაოდენობა კვირაში 10 სიხშირიდან 17-მდე გაიზრდება. FlyArystan პირდაპირ რეგულარულ რეისებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ასტანადან, ალმათიდან, ატირაუდან, აქტაუდან და შიმკენტიდან ახორციელებს.

2024 წელს საქართველოს ბაზარზე ყაზახური ავიაკომპანიების წილი ბაზრის 3,9%-ს შეადგენდა. გასულ წელს ყაზახეთიდან საქართველოს 178,930 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები