ბავარიის საშუალო მეწარმეთა ასოციაციის პრეზიდენტმა ფაბიან ევალდმა KIU-ში საჯარო ლექცია წაიკითხა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) ბავარიის საშუალო მეწარმეთა ასოციაციის პრეზიდენტის ფაბიან ევალდის საჯარო ლექცია – „Business Metaverse“ გაიმართა. შეხვედრა გახსნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ, რომელიც, ამავე დროს, საშუალო მეწარმეთა ასოციაციის ელჩი გახლავთ საქართველოში. საჯარო ლექციას დაესწრნენ KIU-ს რექტორის მოადგილე მარიამ კვირკვია, იმერეთისა და გურიის რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატების წარმომადგენლები, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანამშრომლები და სტუდენტები.
საჯარო ლექციაზე ფაბიან ევალდმა განიხილა მეტავერსის გავლენის როლი ბიზნესის სექტორში, მისი შესაძლებლობები და არსებული გამოწვევები. პროფესორმა ყურადღება გაამახვილა ბიზნესში ისეთი ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობაზე, როგორებიცაა: ვირტუალური და დამატებითი რეალობა, რომლებიც აჩენს ახალ კომერციულ მოდელებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მეტავერსის გამოყენების პოტენციალის გაზრდას, ადგილობრივ ბიზნესში მისი ინტეგრაციის როლს, თუ როგორ შეიძლება რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატები ამ პროცესის აქტიური ნაწილი გახდნენ.
აღსანიშნავია, რომ ბავარიის საშუალო მეწარმეთა ასოციაცია ხელს უწყობს დაინტერესებული პირებისათვის საქმიანი და პროფესიული კონტაქტების გაზრდას და სამეწარმეო საქმიანობის გაძლიერებას. ბავარიის საშუალო მეწარმეთა ასოციაციაში გაერთიანებულია 614.000 ფირმა ბავარიაში, სადაც დასაქმებულია 4,3 მილიონი ადამიანი. ასოციაცია ახორციელებს არაერთ ერთობლივ კვლევით პროექტს უნივერსიტეტებთან. მასში ყოველწლიურად სტაჟირებას გადის 190.000 ახალგაზრდა. პრეზიდენტი, ფაბიან ევალდი მხარს უჭერს საქართველოსთან ეკონომიკური და ბიზნესთანამშრომლობის გაძლიერებას. ასოციაციასთან თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს KIU-ს, როგორც “სამეწარმეო უნივერსიტეტად” ჩამოყალიბების პროცესს. „სამეწარმეო უნივერსიტეტის“ კონცეფცია ეფუძნება უნივერსიტეტსა და ბიზნესს შორის მჭიდრო თანამშრომლობის იდეას.