გიორგი კვირიკაშვილი: სერიოზული წარმატებაა იმ დამნაშავეების დაკავება, რომლებიც საქართველოდან ურანის გატანას ცდილობდნენ

ძალზე სერიოზული წარმატებაა იმ დამნაშავეების დაკავება, რომლებიც საქართველოდან ურანის გატანას ცდილობდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კვირიკაშვილის მტკიცებით, საქართველო აღნიშნულ თემას სერიოზულად მიუდგა.
„საუკეთესო თანამშრომლობის არხები დავამყარეთ ჩვენს პარტნიორებთან. ამასთან, პრეზიდენტი ბირთვულ სამიტს დაესწრო ნიუ-იორკში და თანამშრომლობა ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესია. ზოგადად, შემიძლია მოგახსენოთ, რომ ჩვენ ძალიან მაღალი დონის თანამშრომლობის არხები გაგვაჩნია ბრიტანეთთან, რათა საქართველოში გაგვეხსნა საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი, რაც ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ ერთი დადასტურებაა ბრიტანეთისა და საქართველოს უსაფრთხოების ძალებს შორის”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბირთვული მასალა ურანის გასაღების ფაქტზე 6 პირი დააკავა.
უწყების განმარტებით, აღნიშნული პირები თბილისში, ბირთვული მასალა ურანის (U 238) გასხვისებას 200 მილიონ აშშ დოლარად აპირებდნენ, რა დროსაც ისინი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დააკავეს. ოფიციალური ინფორმაციით, დანაშაულში მონაწილე ერთ-ერთი პირის საცხოვრებელი ბინიდან ამოღებულია ქარხნული წესით დამზადებული სატრანსპორტო კონტეინერი ბირთვული მასალა U238 (ურანი 238)-ით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები