„ევროპაში პირდაპირი გადაადგილება ძალიან მნიშვნელოვანია ევროპელობის განცდის გასაძლიერებლად“

დამოუკიდებლობის პერიოდის შემდგომ ვიზალიბერალიზაცია არის ჩვენი დაბრუნება ევროპაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ევროპაში პირდაპირი გადაადგილება ძალიან მნიშვნელოვანია ევროპელობის განცდის გასაძლიერებლად.
”ჩვენ ვაგრძელებთ გზას დემოკრატიული კონსოლიდაციისკენ. ახლა უკვე გვაქვს გამოცდილება რეფორმების წარმატებული განხორციელების, ამოცანების დასახვის, მათი ხარისხიანად და განსაზღვრულ ვადებში შესრულების კუთხით. ჩვენ ახლახან შევასრულეთ ვიზალიბერალიზაციისთვის დასახული მოთხოვნები, რომლებიც საქართველოს უქმნის ევროკავშირის მასშტაბით დაუბრკოლებლად გადაადგილების პერსპექტივას. აშკარაა, თითოეული მოქალაქისთვის ძალიან მოსახერხებელი და ძალიან საამაყოა, რომ შეეძლებათ ევროპის მაშტაბით დაუბრკოლებლად მოძრაობა. ეს არის ჩვენი დაბრუნება ევროპაში დამოუკიდებლობის პერიოდის შემდგომ. პირდაპირი მოძრაობა ძალიან მნიშვნელოვანია ევროპელობის განცდის გასაძლიერებლად”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ქვეყნის ასეთ წარმატებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები თანამემამულეებიც იზეიმებენ.
”საქართველოს ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან კიდევ ერთხელ დაუდასტურებს და დაანახებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და დადებითია პროევროპული მიდგომა. ეს მათ გაუჩენს უფრო მეტ მოტივაციას ჩვენთან ერთად იზეიმონ ქვეყნის ეს აყვავება”, – დასძინა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები