ომარ ნიშნიანიძე: „ბებერ ნიანგებზე“ მეტად, პარტიას „ახალგაზრდა ალიგატორები“ დააზარალებენ

პარტია „ქართული ოცნების“ წევრის, დეპუტატ ომარ ნიშნიანიძის აზრით, “ბებერ პოლიტიკურ ნიანგებზე” მეტად, პარტიას ახალგაზრდა ალიგატორები უფრო აზიანებენ, – ასე გამოეხმაურა ნიშნიანიძე პარტია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრის არმაზ ახვლედიანის განცხადებას, სადაც მან პრემიერს “ბებერი პოლიტიკური ნიანგების” სწრაფად ჩამოშორება ურჩია.
დეპუტატი საკუთარ თავს „ბებერ ნიანგად“ არ მიიჩნევს. როგორც მან „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, იგი ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც აქტიურად ცდილობდა, პარტია განახლებულიყო და მიაჩნია, რომ სწორედ ამიტომ აითვალწუნეს. დეპუტატის თქმით, მას „ოცნების“ პარტიულ სიაში მოხვედრის იმედი აღარ აქვს და ცდილობს მაჟორიტარ დეპუტატად იყაროს კენჭი ქუთაისში.
„შეიძლება პარტიაში ბებერი ნიანგებიც არიან, მაგრამ, ჩემი აზრით, ახალგაზრდა ალიგატორები უფრო დააზიანებენ პარტიას და აზიანებენ, ვიდრე ის „ბებერი ნიანგები“, თუმცა არც ერთია კარგი და არც მეორე. არმაზ ახვლედიანს საერთოდ ეკითხებიან სიის შედეგენას? არ ვიცი, ალბათ, არ ეკითხებიან, თორემ უნდა მიიღოს მონაწილეობა სიის შედგენაში. „ბებერ ნიანგში“ მე ჩემს თავს ვერ ვიგულისხმებ, იმიტომ, რომ ერთ-ერთი აქტიური ვიყავი და სულ ვცდილობდი, პარტია განახლებულიყო. ამიტომ ამითვალწუნეს კიდეც, იმის იმედიც არ მაქვს, რომ პარტიულ სიაში მომახვედრებს ის, ვინც ადგენს ამ სიას, ამიტომ ვაპირებ მაჟორიტარულ ოლქში ვიყარო კენჭი. თუნდაც მარტოს მომიხდეს ბრძოლა,“ – აცხადებს ნიშნიანიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები