მამუკა კაციტაძე: ბრძოლას ვაგრძელებთ, არ ვამთავრებთ ხელისუფლებასთან ურთიერთობას
„ახალი მემერჯვენეები“ და ინტერპარტიული ჯგუფი საარჩევნო სისტემის შესაცვლელად ბრძოლის ინტენსიურ მეთოდებზე გადადის. როგორც მამუკა კაციტაძემ „კვირას“ პრესკლუბში აღნიშნა, ბრძოლა არ დახურულა და გრძელდება. მისივე თქმით, ხელისუფლებასთან ურთიერთობა არ დამთავრებულა.
„ინტერპარტიულმა ჯგუფმა მთავრობას საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით 5-პუნქტიანი პაკეტი შესთავაზა. შეხვედრები მქონდა პრემიერ-მინისტრთანაც, სადაც აღნიშნული პუნქტები დეტალურად გავიარეთ. ნამდვილად მქონდა ზომიერი იმედის მოლოდინი, რომ ამ საქმიდან რაღაც გამოვიდოდა. მართალია მთავრობა აცხადებს, რომ შეთავაზების 80% დაკმაყოფილებულია, თუმცა ეს ასეა თუ არა, ეს თავად გამოთვალეთ. პრემიერთან შეხვედრის შემდეგ სხვა მოლოდინი გვქონდა და სხვა მივიღეთ“, – აღნიშნა კაციტაძემ პრესკლუბში.
ინტერპარტიული ჯგუფის შეთავაზება შემდეგ საკითხებს ეხებოდა: 1. საარჩევნო სისტემის ცვლილება; 2. საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის ცვლილება; 3. ბარიერების 1%-ით შემცირება; 4. საეთერო სარეკლამო დროის თანაბარი განაწილება; 5. ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შეზღუდვა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესება.
მამუკა კაციტაძის განცხადებით, აღნიშნული მოთხოვნებიდან პირველსა და მოერეზე მიიღეს ნული, მესამეზე – დადებითი პასუხი, მეოთხეზე – ნაწილობრივ დადებითი, ხოლო მეხუთე ჯერჯერობით საერთოდ არ განხილულა.
„გეკითხებით, ნიშნავს თუ არა ეს 80%-იან თანხმობს? რა თქმა უნდა – არა. ამიტომაც ბრძოლა გრძელდება. უფრო მეტიც, არსებობს ყველანაირი შესაძლებლობა, რომ არჩევნების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. მოლოდინი სხვა იყო და მივიღეთ სხვა“, – აღნიშნა მამუკა კაციტაძემ „კვირას“ პრესკლუბში.