საგარეო საქმეთა მინისტრმა გაეროს სესიაზე ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ რეფორმებზე ისაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ გაეროს სპეციალურ სესიაზე ნარკოტიკების წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკაზე ისაუბრა, რაც ადამიანის უფლებების დაცვისა და ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირებისკენაა მიმართული. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, საკუთარ გამოსვლაში მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიაზე და მისი იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმაზე. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, სახელმწიფო სტრატეგია ნარკოტიკების პრობლემის მიმართ ინსტიტუციური მექანიზმების განვითარებას ემსახურება. მისი მიზანია ნარკოდამოკიდებულების შემცირება, გავრცელება-მოწოდების გზებთან ეფექტური ბრძოლა, პრობლემის მუდმივი მონიტორინგი და აღნიშნულ საკითხზე საერთაშორისო თანამეგობრობასთან აქტიური კოორდინაცია. ნარკოპრობლემასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯად მინისტრმა 2015 წელს, ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის შექმნა დაასახელა. ცენტრის მიზანი ქვეყანაში ნარკოვითარებასთან დაკავშირებული სურათის ანალიზი, ამ პრობლემის მიმართ ახალი სამეცნიერო-პრაქტიკული მეთოდოლოგიის დანერგვა და საერთაშორისო თანამეგობრობის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაა. მიხეილ ჯანელიძემ სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული პრობლემისადმი კომპლექსური მიდგომის მაგალითად ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებები დაასახელა, რომლითაც ნარკოტიკების მოხმარება და გასაღება გაიმიჯნა. ნარკოდამოკიდებულების მიმართ სამართლებრივად ლიბერალური მიდგომების ფარგლებში, საქართველოში ეფექტურად ამოქმედდა ადრეული ჩარევის, მკურნალობის, რეაბილიტაციისა და სოციალური რეინტეგრაციის მექანიზმი. მათ შორის გაჩნდა სოციალური საწარმოები, რაც ხელს უწყობს ნარკოდამოკიდებულების მქონე მოქალაქეების სოციალურ ინტეგრაციასა და რეაბილიტაციას. საკუთარ გამოსვლაში მინისტრმა ისაუბრა აივ/შიდსთან ბრძოლის 2016-2018 წწ. ეროვნულ სტრატეგიაზე, რომლის მიზანიც 2020 წლისთვის არსებული სურათის შემცირება და 2030 წლსითვის ვირუსის ელიმინაციაა. მიხეილ ჯანელიძემ გაეროს ტრიბუნიდან ასევე ისაუბრა C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაზე, რომელიც უპრეცენდენტო აღმოჩნდა მსოფლიოს მასშტაბით.
ნარკოტიკების საკითხზე გაეროს სპეციალური სესია გენერალური ასამბლეის ფარგლებში მიმდინარეობს, მას სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები ესწრებიან. საგარო საქმეთა მინისტრი ნიუ-იორკში გაეროს მდგრადი განვითარების მაღალი დონის შეხვედრის ფარგლებში იმყოფება, მდგრადი განვითარების საკითხებისადმი მიძღვნილ სესიაზე მიხეილ ჯანელიძე სიტყვით ხვალ გამოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები